ტერმინი „hot hand“ გულისხმობს მოსაზრებას, რომ რადგან ინდივიდს ან კომპანიას წარმატებების სერია აქვს, მოსალოდნელია ამ ტენდენციის მომავალშიც გაგრძელება. მაგალითად, თუ ადამიანი მონეტას ააგდებს და ზედიზედ სამჯერ სწორად გამოიცნობს, თუ რომელ მხარეს დავარდება ის, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს „ცხელი ხელი“. ასეთ ვითარებაში, ადამიანს სჯერა, რომ მისი შანსები, გამოიცნოს, რომელ მხარეს დავარდება მონეტა, უფრო მეტია, ვიდრე 50% (რეალური შანსი). წარუმატებლობების სერიის შემთხვევაშიც იგივე კონცეფცია მუშაობს და მას „cold hand” ეწოდება.
როგორ მუშაობს „Hot Hand”?
„Hot hand”-ის რწმენას იზიარებს ბევრი ინვესტორი. როგორც ფსიქოლოგები თვლიან, ეს ფენომენი სათავეს იღებს ერთი და იმავე წყაროდან, ევრისტიკიდან. ეს უკანასკნელი გულისხმობს ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის მეთოდს, რომელიც ინტუიციას, ანალოგიებს, გამოცდილებას და სხვა მსგავს წყაროებს ეყრდნობა. მაგალითად, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ინვესტორების გადაწყვეტილება, იყიდონ ან გაყიდონ წილი კონკრეტულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდში, დიდწილად დამოკიდებულია ფონდის მენეჯერის მიერ წარსულში დაფიქსირებულ შედეგებზე.
აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ასეთი ინვესტორები გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებენ, თუ, მათი აზრით, რამდენად აქვს „hot hand” ფონდის მენეჯერს.
„Hot hand”-ის ფენომენთან დაკავშირებულ ცდომილებას წარმოადგენს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანებს სჯერათ, რომ კომპანიის ან ინდივიდის მიერ დაფიქსირებული მომავალი შედეგი წარსულის წარმადობაზეა დამოკიდებული.
ინვესტირების დროს შეიძლება დააფიქსიროთ „მოგებების“ სერია, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოწვეულია იმპულსით. თუმცა მოსაზრება, რომ ხელსაყრელი შედეგები „hot hand“-ის ფენომენის შედეგია, ფსიქოლოგიურ ფენომენს წარმოადგენს. სინამდვილეში, როგორც კი ინვესტორი დაიწყებს ფიქრს, რომ მას „ცხელი ხელი“ აქვს, შეიძლება მრავალი კოგნიტური მიკერძოება წარმოიშვას. ერთ-ერთი ასეთია დადასტურების მიკერძოება, რომლის დროსაც ინვესტორები ეძებენ თავიანთი შეხედულებების დამადასტურებელ ინფორმაციას, ხოლო უგულებელყოფენ ფაქტებს, რომლებიც ამ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, „hot hand“-ის ფენომენმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ზედმეტი თავდაჯერებულობის მიკერძოება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებულობა შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში დადებითი შედეგის მომტანი თვისება იყოს, მას მიკერძოებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების გამოწვევა შეუძლია. ზედმეტად თავდაჯერებული ინვესტორები თვლიან, რომ მათ უფრო მეტი კონტროლი აქვთ საკუთარ ინვესტიციებზე, ვიდრე რეალურად.
ზედმეტად თავდაჯერებულმა ინვესტორებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათ წარმატებული ინვესტიციების იდენტიფიცირების განსაკუთრებული შესაძლებლობები გააჩნიათ.
აღსანიშნავია, რომ „hot hand“-ის ფენომენმა შეიძლება სხვა კოგნიტური მიკერძოებებიც გამოიწვიოს.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.