ჩანაცვლების ეფექტი წარმოადგენს კონკრეტული პროდუქტის გაყიდვების შემცირებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი ფასის ზრდისას მომხმარებლები უფრო იაფ ალტერნატივებზე გადაერთვებიან. პროდუქტმა შეიძლება ბაზრის წილი მრავალი მიზეზის გამო დაკარგოს, მაგრამ ჩანაცვლების ეფექტი მხოლოდ ეკონომიურობის გამოხატულებაა. თუ ბრენდი გაზრდის ფასს, ზოგიერთი მომხმარებელი უფრო იაფ ალტერნატივას შეარჩევს.
ჩანაცვლების ეფექტის გააზრება
ზოგადად, როდესაც პროდუქტის ან მომსახურების ფასი იზრდება, მაგრამ მყიდველის შემოსავალი უცვლელი რჩება, თავს იჩენს ჩანაცვლების ეფექტი. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მომხმარებლის ქცევაში არ ვლინდება. მაგალითად, თუ ადგილობრივი მიმწოდებელი მწარმოებელს გარკვეულ აუცილებელ კომპონენტზე ფასს გაუზრდის, შეიძლება ის უცხოური კონკურენტის მიერ წარმოებულ უფრო იაფ ვარიანტზე გადაერთოს.
თუ ყველაფერი ასეა, როგორ ახერხებს ესა თუ ის კომპანია პროდუქტზე ფასის გაზრდას? ჩანაცვლების ეფექტის გარდა, არსებობს შემოსავლის ეფექტი — შესაძლოა, კომპანიის ზოგიერთი მომხმარებელი სარგებლობდეს ხარჯვის უნარის გაზრდით და მზად იყოს უფრო ძვირი პროდუქტის საყიდლად. კომპანიის წარმატება თავისი პროდუქტის ფასის ცვლილებაში ნაწილობრივ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად კომპენსირდება ჩანაცვლების ეფექტი შემოსავლის ეფექტით.
მნიშვნელოვანი საკითხები
ფასის რყევები
როგორც აღინიშნა, როდესაც პროდუქტის ფასი იზრდება, მომხმარებლები მისი უფრო იაფი ალტერნატივით ჩანაცვლებისკენ არიან მიდრეკილნი. ეს შეიძლება მიწოდებისა და მოთხოვნის გაუთავებელ თამაშად იქცეს. მაგალითად, დავუშვათ, რომ სტეიკის ფასი იზრდება, ამიტომ მას მომხმარებლები სხვა მსგავსი პროდუქტით ანაცვლებენ. ეს სტეიკზე მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად ფასის ვარდნას იწვევს; შედეგად, მომხმარებლები კვლავ სტეიკს უბრუნდებიან.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები ხელსაყრელ გარიგებებს მისდევენ. ისინი არჩევანს საკუთარ მსყიდველუნარიანობაზე დაყრდნობით აკეთებენ და ფასების ცვლილებების საფუძველზე მუდმივ კორექციებს ახორციელებენ. ადამიანები ცდილობენ, შეინარჩუნონ საკუთარი ცხოვრების სტანდარტები ფასების მერყეობის მიუხედავად.
ახლო შემცვლელები
ჩანაცვლების ეფექტი ყველაზე ძლიერია იმ პროდუქტებისთვის, რომლებსაც ახლო შემცვლელები გააჩნია. მაგალითად, მომხმარებელმა შეიძლება აირჩიოს სინთეტიკური პერანგი, როდესაც სუფთა ბამბისგან დამზადებული ძალიან ძვირია. საბოლოოდ, მომხმარებლების საკმარისმა რაოდენობამ შეიძლება მიბაძოს ამ მიდგომას იმისთვის, რომ მას გაზომვადი ეფექტი ჰქონდეს ორივე პერანგის მწარმოებლის გაყიდვებზე.
სხვა შემთხვევაში, მაგალითად, თუ გოლფის კლუბი ფასებს გაზრდის, შეიძლება ზოგიერთმა წევრმა ის დატოვოს. თუმცა, თუ მათ შესადარებელი არჩევანი არ აქვთ, შეიძლება უბრალოდ გაზრდილი საფასური გადაიხადონ, რათა სპორტის სრულიად დატოვება არ მოუწიოთ.
დაბალი ხარისხის საქონელი
რამდენადაც ალოგიკური არ უნდა იყოს, ჩანაცვლების ეფექტს შეიძლება ადგილი არ ჰქონდეს მაშინ, როცა პროდუქცია, რომელიც გაძვირდება, დაბალი ხარისხისაა. სინამდვილეში, დაბალი ხარისხის პროდუქტმა, რომელიც ძვირდება, შეიძლება რეალურად გაყიდვების ზრდით ისარგებლოს.
პროდუქტებს, რომლებიც ამ ფენომენს ასახავს, „გიფენის საქონელს“ უწოდებენ, ვიქტორიანელი ეკონომისტის პატივსაცემად, რომელიც ამას პირველად დააკვირდა. სერ რობერტ გიფენმა აღნიშნა, რომ იაფფასიანი პირველადი მოხმარების საქონელი, როგორიცაა კარტოფილი, უფრო დიდი რაოდენობით იქნება შეძენილი, თუ მისი ფასი გაიზრდება. მან დაასკვნა, რომ უკიდურესად შეზღუდული ბიუჯეტის მქონე ადამიანები იძულებულნი არიან იყიდონ კიდევ უფრო მეტი კარტოფილი, რადგან მისი მზარდი ფასი სხვა მაღალი ხარისხის პირველადი მოხმარების პროდუქტებს საერთოდ მიუწვდომელს ხდის.
შემცვლელი საქონელი შეიძლება იყოს ადეკვატური ჩამნაცვლებელი ან დაბალი ხარისხის საქონელი. ამ უკანასკნელზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც მთლიანი სამომხმარებლო ხარჯვის ძალა ეცემა.