შესაძლოა გსმენიათ, რომ ინვესტორმა ან ექსპერტმა კონკრეტული აქციის, სექტორის ან ზოგადად ეკონომიკის მიმართ საკუთარი თავი აღწერა, როგორც “bullish” (ოპტიმისტური, მზარდი) და ამან დაგაბნიათ.
ეს ნიშნავს, რომ ინვესტორს სჯერა, აქცია ან მთლიანი ბაზარი გაიზრდება. პირიქით, “bearish” (პესიმისტური, კლებადი) არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციის ფასი შემცირდება. “Bullish” ინვესტორს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ხარს (bull), ხოლო “bearish”-ს დათვს (bear) უწოდებენ.
“Bullish” ბაზართან ან ეკონომიკასთან მიმართებით
ზოგჯერ ეს ტერმინი მთელი საფონდო ბირჟის ან ეკონომიკის აღსაწერად გამოიყენება. მაგალითად, თქვენ შეიძლება წაიკითხოთ, რომ კონკრეტულ ეკონომისტს საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით ოპტიმისტური შეხედულება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ, მისი აზრით, ბაზარი გაიზრდება. ან, თუ თქვენი შეხედულება აშშ-ის ეკონომიკის შესახებ პოზიტიურია, ეს ნიშნავს, რომ გჯერათ, მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) გაიზრდება და სხვა დადებითი ეკონომიკური მოვლენები განვითარდება. როგორც აქციებთან, ასევე მთელ საფონდო ბირჟასთან ან ეკონომიკასთან დაკავშირებით bullish შეხედულებები შეიძლება მოკლევადიანი ან გრძელვადიანი იყოს.
შესაბამისად, bull market ეხება პერიოდებს, როდესაც საერთო საფონდო ბირჟას მდგრადი აღმავალი ტენდენცია ახასიათებს, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება. 2009 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდი შეიძლება დახასიათდეს, როგორც bull market.
მეორეს მხრივ, bear market არის აქციების ფასების კლების პერიოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხასიათდება როგორც ბოლო მაქსიმალური მაჩვენებლებიდან 20%-იანი ვარდნა. Bear market, როგორც წესი, უფრო ცოტა ხანს გრძელდება, ვიდრე bull market.
Bullish გრძელვადიანი ვაჭრობა
როდესაც ინვესტორის დამოკიდებულება კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ არის bullish, ეს ნიშნავს, რომ მას კომპანიის მომავალთან დაკავშირებით დადებითი ხედვა აქვს. ინვესტორს ასევე შეიძლება სჯეროდეს, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, კომპანიის აქცია ამჟამად დაუფასებელია.
ეს ტერმინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სექტორთან, ინდუსტრიასთან ან ტექნოლოგიის სიცოცხლისუნარიანობასთან მიმართებით.
Bullish მოკლევადიანი ვაჭრობა
თუ მოკლევადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ტრეიდერი არის bullish, მას მიაჩნია, რომ აქციის ფასი უახლოეს დღეებში, კვირებში ან თუნდაც წუთებში გაიზრდება. ეს განწყობა შეიძლება ეფუძნებოდეს ტექნიკურ ანალიზს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ოპტიმისტურ განწყობას კომპანიასთან არაფერი ჰქონდეს საერთო.
გარდა ამისა, შესაძლოა, ტრედიერმა კომპანიის აქციები კვარტალური ანგარიშის წარდგენამდე ერთი დღით ადრე იყიდოს, იმ იმედით, რომ კომპანია მოლოდინებს გადააჭარბებს და აქციების ფასი გაიზრდება.
ხარები vs დათვები
ფუნქციონირებისთვის ბაზარს სჭირდება როგორც ხარები, ასევე დათვები. თუ ყველას ოპტიმისტური განწყობა ექნება აქციების აღარავინ გაყიდის.
ხარები ცდილობენ იყიდონ ფასიანი ქაღალდები, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ფასები გაიზრდება. იმავდროულად, დათვები ფიქრობენ, რომ უკეთეს შემოსავალს სხვა შესაძლებლობებში იპოვიან და თავიანთი ინვესტიციებს სრულად ან ნაწილობრივ ყიდიან.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა სექტორების, აქციების მიმართ, ასევე სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე ინვესტორს შეიძლება ჰქონდეს როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური განწყობა.
გარდა ამისა, ცვლილებებმა კომპანიაში, ფედერალურ რეგულაციებში ან განსხვავებულმა მაკროეკონომიკურმა პერიოდმა შეიძლება ხარი დათვად აქციოს ან პირიქით. თქვენ გაქვთ უფლება შეიცვალოთ აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია მოგეწოდებათ. ბაზარზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია გარემო პირობებთან ადაპტირება და მოცემული მდგომარეობის შესაბამისად მოქმედება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.