უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ გამოავლინა, რომ სადაზღვევო კომპანია — Chubb (CB) არის „საიდუმლო“ პოზიცია, რომელიც კონგლომერატმა ჯერ კიდევ გასულ წელს გახსნა. თუმცა Berkshire-ის მმართველმა გუნდმა მარეგულირებელ ორგანოებს სთხოვა, დროებით ეს სიახლე არ გაემჟღავნებინათ.
გუშინ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილ დოკუმენტში გამოჩნდა, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი Berkshire-მა Chubb-ის თითქმის 26 მილიონი აქციით დაასრულა. ამ ინვესტიციის ღირებულება დაახლოებით $6.72 მილიარდს შეადგენს.
გაურკვეველია, გასული წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში რატომ დატოვა ბაფეტის კომპანიამ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ.
გუშინ გავრცელებული სიახლის შემდეგ კი, After-hours”1 ვაჭრობაში Chubb-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
დაზღვევა არის ძირითადი ბიზნესი უორენ ბაფეტის ფირმისთვის, რომელიც ფლობს კომპანიებს, როგორიცაა GEICO, General Re, ასევე თავად Berkshire-ის ბრენდის სადაზღვევო ბიზნესები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით.
პოზიციების შემცირება
პირველ კვარტალში Berkshire Hathaway-მ Apple-ში თავისი წილი 905 მილიონიდან 790 მილიონამდე შეამცირა. შედარებისთვის, გასული წლის მეოთხე კვარტალში უორენ ბაფეტის კომპანიამ Apple-ის მხოლოდ 10 მილიონი აქცია გაყიდა. თუმცა ლეგენდარულმა ინვესტორმა აქციონერებს განუცხადა, რომ მისი შეხედულებები Apple-ის, როგორც ინვესტიციის შესახებ, არ შეცვლილა და ტექნოლოგიური გიგანტი კვლავ Berkshire-ის უმსხვილესი ჰოლდინგი იქნება.
გარდა ამისა, გასულ მეოთხედში Berkshire Hathaway-მ Paramount-ის თითქმის 56 მილიონი აქცია გაყიდა. ამ ტრანზაქციის შემდეგ, პირველი კვარტლის ბოლოსთვის ბაფეტის კომპანიის პორტფელში Paramount-ის დაახლოებით 7.5 მილიონი აქცია დარჩა.
პოზიციების გაზრდა
2024 წლის პირველ კვარტალში Berkshire-მ Liberty SiriusXM-ის C კლასის დამატებით თითქმის 22 მილიონი და A კლასის 12.5 მილიონი აქცია შეიძინა. ამასთან, უორენ ბაფეტის კომპანიამ Occidental Petroleum-ის დამატებით დაახლოებით 4.3 მილიონი აქცია იყიდა. გასული მეოთხედის დასასრულის მონაცემებით კი Berkshire ნავთობკომპანიაში 248 მილიონზე ოდნავ მეტ აქციას ფლობს.
პოზიციის დახურვა
გარდა ამისა, პირველ კვარტალში Berkshire-ის მენეჯმენტმა HP-ის ყველა, ანუ თითქმის 23 მილიონი, აქცია გაყიდა. გასული წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, უორენ ბაფეტის ფირმა ამ კომპანიაში დაახლოებით $688 მილიონიან წილს ფლობდა.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.