გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Disney-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენლის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა (0.11%-ით შემცირდა). თუმცა სავაჭრო საათების შემდეგ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე კომპანიის აქციების ფასი 5%-ით არის დაკლებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Disney-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $21.24 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.37 მილიარდი). უწყვეტი ოპერაციებიდან მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე1 კი 14 ცენტი შეადგინა. კორექტირების შემდეგ განზავებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.82-ს მიაღწია, რაც გაცილებით აღემატებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.71-ს.
ინვესტორები კომპანიის Disney+ სტრიმინგ სერვისისთვის გამომწერთა ბაზას კომპანიის სიჯანსაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებლად მიიჩნევენ. აბონენტების დაკარგვის ზედიზედ ოთხი კვარტალის შემდეგ, Disney+-ის მთლიანი გამომწერების რაოდენობა, ინდოეთის Hotstar სტრიმინგ პლატფორმის ჩათვლით, 150.2 მილიონამდე გაიზარდა. Disney+-ს კვარტლის განმავლობაში 7 მილიონი ფასიანი მომხმარებელი დაემატა. მაგრამ პლატფორმა ჯერ კიდევ ჩამორჩება სტრიმინგ კონკურენტებს, მათ შორის Netflix-ს და Amazon-ს.
ოქტომბერში, დისნეი შეუერთდა სხვა სტრიმერებს და გაზარდა Disney+-ის ყოველთვიური გამოწერის ფასი, რაც წლის განმავლობაში ამ ნიშნულის ზრდის მეორე შემთხვევაა. Disney-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, სტრიმინგ მიმართულების ზარალი 70%-ით — $420 მილიონამდე შემცირდა.
Disney-ის სპორტულმა სეგმენტმა, რომელიც ESPN-ს მოიცავს, წლიდან წლამდე 15%-ით გაზრდილი საოპერაციო შემოსავალი დააფიქსირა, რაც ძირითადად გამოწვეულია აშშ-ში ESPN-ის ძლიერი შედეგებით. შემოსავალიც გაიზარდა დაახლოებით 1%-ით — $3.45 მილიარდამდე.
Disney-ის მენეჯმენტმა, შესაძლოა, ESPN-ის წილის გაყიდვის შესაძლებლობები განიხილოს და ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაფერისი მყიდველი შეიძლება Apple ან Amazon იყოს.
კომპანიის შემოსავალი პარკებისა და გამოცდილების ბიზნეს სეგმენტიდან წლიდან წლამდე 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბაზარზე ამ მიმართულებით შედეგებმა დიდი დარტყმა მიიღო Disney World-ში ვარსკვლავური ომების ატრაქციონის დახურვის შემდეგ, ის მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ძლიერი შედეგებით კომპენსირდება.
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $85.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $104.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $122.00-ს, ხოლო მინიმალური — $71.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] წილის განზავება — ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება.