ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინვესტორებს უწევდათ გამკლავება მაკროეკონომიკურ ფაქტორთან, რომლის იგნორირებასაც ადრე ათწლეულების განმავლობაში ახერხებდნენ. ეს არის ინფლაცია.
აშშ-ში ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ოფიციალურმა პირებმა ამ მოვლენას უპასუხეს თავიანთი ყველაზე აგრესიული მონეტარული პოლიტიკით ბოლო დროის განმავლობაში. მზარდი პოტენციალის აქციების ფასები შემცირდა ამან კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2022 წლის bear market-ის დაწყებაში.
თუმცა, სამშაბათს ვაშინგტონიდან გავრცელებულმა ამბებმა, როგორც ჩანს, ინვესტორები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ინფლაცია არსებითად სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გუშინ დილით ბაზრის ძირითადი ინდექსები 2%-ით ან მეტით გაიზარდა. დღეს კი სწორედ იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორ აიძულა ერთმა მოხსენებამ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შესახებ ამდენი ინვესტორი იფიქროს, რომ ინფლაცია მარცხდება.
სიახლე, რომლის მოსმენაც უოლ სტრიტს სურდა
სეზონური კორექტირების საფუძველზე, CPI-ის პირველადი მაჩვენებელი თვეში უცვლელი დარჩა, სექტემბერში 0.4%-იანი თვიური ზრდის შემდეგ. წლიდან წლამდე CPI ახლა 3.2%-ით არის გაზრდილი. ეს იყო ყველაზე დაბალი ზრდის დონე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2022 წლის ყველაზე უარეს შემთხვევაში CPI-ის ზრდამ 9%-ს გადააჭარბა.
როგორც ხშირად ხდება, ენერგეტიკის სექტორმა ყველაზე დიდი დამამშვიდებელი გავლენა იქონია CPI-ზე თვის განმავლობაში. ბენზინის ფასი ოქტომბერში 5%-ით დაეცა, რამაც სხვა სფეროებში მატების კომპენსირება და ენერგეტიკის მთლიანი ინდექსის თვეში 2.5%-ით შემცირება გამოიწვია. სურსათზე ფასები მოკრძალებული 0.3%-ით გაიზარდა.
ბევრი ეკონომისტი ამჯობინებს ე. წ. „ძირითად“ CPI მაჩვენებელზე კონცენტრირებას, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგეტიკის სექტორის არასტაბილურ ფასებს. ძირითადი ინდექსი ოქტომბერში 0.2%-ით გაიზარდა. მომხმარებლები მეტს იხდიდნენ ქირაში, მანქანის დაზღვევაში, სამედიცინო მომსახურებაში, დასვენებასა და პირადი მოვლის საშუალებებში. თუმცა დაეცა საცხოვრებლების, მეორადი ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების, საკომუნიკაციო მომსახურებისა და ავიაბილეთის ხარჯები, რამაც სხვა მიმართულებებით ფასების ზრდა გარკვეულწილად გააბათილა. შედეგად ძირითადი CPI-ის წლიური ზრდა 4%-მდე შემცირდა, რაც მისი ყველაზე მცირე მატებაა 2021 წლის სექტემბრის შემდეგ.
ზემოქმედება ბაზარზე
ფინანსურმა ბაზრებმა ეს სიახლე იზეიმეს. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები 4.5%-ზე დაბლა დაეცა, ხოლო საშუალოვადიანის — პროცენტული პუნქტის მეხუთედით შემცირდა.
აქციები, რომელთა წარმადობაც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთებთან, ასევე გაიზარდა. მაღალი ზრდის მქონე აქციებმა, რომლებზეც ადრე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნეგატიურად ზემოქმედებდა, სოლიდური მატება განიცადა. Nasdaq Composite ინდექსი 2%-ზე მეტი გაიზარდა.
დასრულდა Bear Market?
ბაზრის პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები იმედოვნებდნენ უფრო მეტი ნიშნის მიღებას, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა დაასრულებდა საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანიას. ისინი ზოგადად იღებენ ოქტომბრის ინფლაციის ანგარიშს, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ ფედერალურ რეზერვს ახლა შეუძლია, ეკონომიკის მხარდაჭერაზე კონცენტრირდეს.
თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ Fed-მა ბაზრებს სიურპრიზი გაუკეთოს. მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი კვლავ 5.25%-5.5%-ს შეადგენს და მხოლოდ ცოტა ადამიანი თუ მოელის, რომ ცენტრალური ბანკი სწრაფად შეამცირებს საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთებს. თუ ამჟამინდელი საპროცენტო განაკვეთები სტაბილურად შენარჩუნდება და უფრო მეტ ეკონომიკურ დატვირთვას გამოიწვევს, შეიძლება ბაზრების გაუმჯობესება ხანმოკლე აღმოჩნდეს.
მიუხედავად ამისა, ამჟამად, ინვესტორების უმეტესობას უფრო მეტად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ბაზრის უახლოესი პერსპექტივების მიმართ. თუ მომხმარებლები ამ რწმენის გამყარებას გაზრდილი ხარჯვით შეძლებენ მაშინაც კი, როცა მათი ბიუჯეტები უფრო მჭიდრო ხდება, შეიძლება საბოლოოდ ვიხილოთ bull market, რომელსაც უოლ სტრიტი დიდი ხანია მოელის.