სანამ სიახლის დეტალებზე გადავიდოდეთ, მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რა სახის საკომისიო გადასახადები აქვს საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას. საქმე გვაქვს ორი სახის საკომისიოსთან — ტრანზაქციის და ყოველთვიური მომსახურების.
ტრანზაქციის საკომისიო: ყიდვის/გაყიდვის საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის 0.3%-ს. მინ. $0.5; მაქს. $40
მაგ: Tesla-ს $200 ღირებულების აქციის შეძენის შემთხვევაში საკომისიო $0.6 იქნება ($200 x 0.3% = $0.6).
$5 ან ნაკლები ღირებულების აქციის (ე. წ. “Penny” აქცია) ყიდვა/გაყიდვის საკომისიო თითო აქციაზე $0.02-ს თითო შეადგენს (მინ. $0.5; მაქს. ტრანზაქციის 1.5%).
ყოველთვიური მომსახურების საკომისიო: ყოველთვიური მომსახურების საკომისიო არსებული პორტფელის 0.01%-ს შეადგენს (მინ. $0.5).
SOLO და WM სტატუსის მქონე პირებისთვის, სტატუსით სარგებლობის პერიოდში, ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიო სრულად ფინანსდება ბანკის მიერ და არის უფასო.
ახლა კი, რაც შეეხება სიახლეს — ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო პლატფორმის როგორც არსებულ, ასევე ახალ წევრებს არცერთი სახის საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ (პირობა არ ვრცელდება “Penny” აქციებით ვაჭრობაზე).
გარდა ამისა, SOLO/WM სტატუსის მქონე პირებისთვის აქამდე პირველი 3 ტრანზაქცია (გარდა “Penny” აქციებისა) უფასო იყო, ეს პირობა კვლავ ძალაშია და ამასთან “Penny” აქციების ყიდვა/გაყიდვასაც ითვალისწინებს.