აშშ-ში ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა — აგვისტოში ცხოვრების ღირებულება ოდნავ გაიზარდა.
აშშ-ში სამომხმარებლო ფასები, გაზომილი პირადი მოხმარების ხარჯებით (PCE), აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად — 2.2%-ით. Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს მაჩვენებელი წლიურად 2.3%-ით მოიმატებდა. შედარებისთვის, ივლისში დაფიქსირებულმა წლიურმა მატებამ 2.5% შეადგინა.
ეს იყო ინფლაციის ყველაზე დაბალი წლიური დონე 2021 წლის თებერვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) მცდელობებში, ეს მაჩვენებელი 2%-მდე შეამციროს.
ინფლაციის დონის კლებამ შეიძლება ფედერალურ სარეზერვო ბანკს საშუალება მისცეს, საპროცენტო განაკვეთები შემდგომ შეხვედრაზეც შეამციროს, რათა თავიდან აიცილოს უმუშევრობის დონის ზრდა.
თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამ — მართალია, მოხსენებამ აჩვენა, რომ ინფლაცია ზოგადად მცირდება, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით ფასები მაინც სწრაფად იზრდება. „ძირითადი“ ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს, აგვისტოში წლიურად 2.7%-ით გაიზარდა (ივლისში — 2.6%-ით). „ძირითად“ ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ქირა და სხვა საცხოვრებელი ხარჯები, რომლებიც, მთავრობის ოფიციალური საზომებით, სწრაფად მატებას განაგრძობს. თუმცა უფრო განახლებული წყაროები აჩვენებს, რომ ქირის ინფლაცია პანდემიის შემდეგ მკვეთრად შენელდა.
„ინფლაცია მიზნისკენ მიმავალ გზაზე რჩება, რაც Fed-ს შესაძლებლობას აძლევს, განაკვეთების შემცირება განაგრძოს“ — წერს კომენტარში Lazard Asset Management-ის წამყვანი მაკროეკონომიკური სტრატეგი, დევიდ ალკალი. მისი თქმით, ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად სწრაფად დაასტაბილურებს შრომის ბაზარს Fed-ის მიერ ბოლო შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. „მინიშნებების მისაღებად მომდევნო პარასკევის სამუშაო ბაზრის ანგარიშს ყურადღებით დავაკვირდებით“ — დასძინა დევიდმა.