ილონ მასკმა გუშინ განაცხადა (და მოგვიანებით Twitter-ზეც დაწერა), რომ მას სურს შეინარჩუნოს Twitter Inc.-ის რაც შეიძლება მეტი აქციონერი, თუ მისი მცდელობა, რომ ეს სოციალური მედია კერძოდ აქციოს, წარმატებული იქნება.
„ასევე უნდა ვთქვა, რომ მიზანია შევინარჩუნოთ იმდენი აქციონერი, რამდენიც კანონით ნებადართულია კერძო კომპანიაში, ეს რიცხვი, ვფიქრობ, დაახლოებით 2000-ს შეადგენს. ჩვენ ვეცდებით მოვიზიდოთ იმდენი აქციონერი, რამდენის უფლებაც გვექნება“ – განაცხადა მასკმა ვანკუვერში, TED ღონისძიებაზე.
როგორც მასკმა აღნიშნა, აშშ-ის მარეგულირებლები აწესებენ შეზღუდვებს იმაზე, თუ რამდენი აქციონერი შეიძლება ჰყავდეს კერძო კომპანიას, სანამ მას მოეთხოვება იმავე სახის ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც საჯარო კომპანიებმა უნდა გახადოს ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ მასკი მართალი იყო, აქციონერთა საბაზისო რაოდენობის (2000) შესახებ, ეს რიცხვი 500-მდე მცირდება, თუ აქციონერები აკრედიტებულ ინვესტორებად ან მაღალი ღირებულების მქონე მფლობელებად არ ჩაითვლებიან, რაც კომპანიას ზოგიერთი საანგარიშო მოთხოვნის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს.
როს გერბერი, რომელიც Gerber Kawasaki Wealth and Investment Management-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია, Twitter-ის 9,000-ზე მეტ აქციას ფლობს. მან გუშინ Twitter-ზე დაპოსტა, რომ შეთავაზება სუსტია და მას არცერთი აქციონერი არ დათანხმდება.
პოტენციური გარიგება კომპანიას დაახლოებით $43 მილიარდად აფასებს. Twitter-ის აქციები გუშინ $45.08-ზე დაიხურა, რაც კომპანიას $36 მილიარდის ტოლ საბაზრო ღირებულებას სძენს.
საუდის არაბეთი პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი – Kingdom Holding Company-ის საბჭოს თავმჯდომარე, Twitter-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. მან ტვიტის საშუალებით უარყო ეს შეთავაზება.
ჯონათან ბოიარმა, Boyar Value Group-ის მმართველმა დირექტორმა, რომელიც უხეში შეფასებით $1.75 მილიონის ღირებულების ტვიტერის 38,000 აქციას ფლობს, თქვა, რომ ყველაფერი რასაც მასკი აკეთებს არატრადიციულია.
მან განაცხადა, რომ წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა არის ტვიტერთან დაკავშირებით მასკის ნამდვილი განზრახვები. ასევე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მასკის ინტერესი კომპანიის მიმართ აძლიერებს შეხედულებას პლატფორმისა და მომხმარებლების ბაზის ღირებულებაზე და იმაზეც, თუ როგორ არასწორად იმართება ის წლების განმავლობაში. ბოიარმა თქვა, რომ მაკონტროლებელი და მსხვილი აქტივისტი აქციონერების გარეშე, ტვიტერის, როგორც დამოუკიდებელი კომპანიის დღეები, ალბათ, დათვლილია.
ეს შეთავაზება დიდი განხილვის საგნად იქცა და ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია. Google-ის ტენდენციების მონაცემების მიხედვით, ტერმინი – „ტვიტერის აქცია“ ნომერ პირველი საძიებო ფრაზა იყო.
მასკმა, პირველადი შეთავაზების შემდეგ, გუშინ გააკეთა პირველი საჯარო კომენტარი, რომელშიც ეჭვი გამოთქვა ამ გარიგების წარმატებით დასრულების შესახებ.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ რეალურად შევძლებ მის შეძენას“ – განაცხადა მილიარდერმა ანტერპრენერმა ვანკუვერში, TED ღონისძიებაზე. ილონ მასკის თქმით, ამ შეთავაზების მთავარი მიზანი არის „ინკლუზიური არენის შექმნა სიტყვის თავისუფლებისთვის“ და არა ფულის გამომუშავება.