გუშინ აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), ქვეყნის ეკონომიკური მწარმოებლურობის საზომი, წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება პირველ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს. 2024 წლის მეორე მეოთხედის მშპ მაჩვენებელი ასევე ბევრად აჭარბებს იმ ეკონომისტების პროგნოზს (2.1%), რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.
მთლიანი შიდა პროდუქტის აღმასვლას ხელი შეუწყო მომხმარებლების, ბიზნესებისა და სახელმწიფოს მიერ ხარჯების ზრდამ.
მეორე კვარტალში სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა 2.3%-იანი ტემპით (პირველ მეოთხედში — 1.5%), non-residential ბიზნეს ინვესტიციები1 — 5.2%-ით (I კვ. — 4.4%), ხოლო სახელმწიფო ხარჯები — 3.1%-ით (I კვ. — 1.8%).
ამ ზრდამ გადაფარა ანგარიშის ერთი სუსტი წერტილი, საცხოვრებლებთან დაკავშირებული ინვესტიციების 1.4%-იანი კლება (პირველ კვარტალში — 16%-იანი ზრდა), რაც ასახავს პრობლემებს საბინაო ბაზარზე, რომელიც თითქმის პარალიზებულია მაღალი იპოთეკური განაკვეთებისა და ნელი გაყიდვების გამო.
გუშინდელმა მოხსენებამ წარმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ქვეყნის ეკონომიკამ გაუძლო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, რომლებსაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) უკვე ერთ წელზე მეტია ინარჩუნებს ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუმცა ეს არ იყო საკმარისი მომავლის უფრო ბნელი პერსპექტივის გასაფანტად, უმუშევრობის დონის ბოლოდროინდელი ზრდისა და ხელფასების მატების შენელების გათვალისწინებით. ამასთან, რამდენიმე ეკონომისტის თქმით, გუშინდელი ანგარიში არც ისეთი ძლიერი იყო, რომ Fed-მა სექტემბერში მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავი შეიკავოს.
ინფლაცია შენელდა
გარდა ამისა, მშპ-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ მეორე კვარტალში ინფლაცია, გაზომილი პერსონალური სამომხმარებლო ხარჯებით (PCE), წლიურ 2.6%-იან მაჩვენებლამდე შენელდა. პირველ მეოთხედში ამ მეტრიკამ 3.4% შეადგინა. აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურო ინფლაციის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის დღეს, როდესაც ის PCE ყოველთვიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
„ინფლაციის მონაცემები შეესაბამება ბოლო სიახლეებს, რომლებიც კლების ტენდენციას აჩვენებს. ამან საკმარისი თავდაჯერება უნდა უზრუნველყოს Fed-ისთვის საპროცენტო განაკვეთების სექტემბერში შესამცირებლად“ — თქვა მაიკ ფრატანტონმა, იპოთეკური ბანკირების ასოციაციის მთავარმა ეკონომისტმა.
და ეს კარგი ამბავია Fed-ისთვის
გუშინ გამოქვეყნებული მშპ-ის წინასწარი ანგარიში კიდევ ორჯერ გადაიხედება, რადგან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი მონაცემები გამოქვეყნდება და, შესაძლოა, გადასინჯვის საფუძველზე სხვა სურათი მივიღოთ.
ეკონომიკური ზრდის შესახებ ნებისმიერი მონაცემი ამ პერიოდში ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფედერალური სარეზერვო ბანკის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან მას ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის დადგენისას.
უკვე 12 თვეზე მეტია, რაც Fed, ინფლაციის ჩახშობის მიზნით, საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე ინარჩუნებს. ეს მაჩვენებელი ზრდის საპროცენტო გადასახადს ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.
ეკონომისტების უმრავლესობას სჯერა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს, რასაც ფინანსური ბაზრის მონაწილეებიც ეთანხმებიან. CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს.
[1] ინვესტიციები, რომლებიც საცხოვრებელი შენობების მშენებლობისთვის არ არის განკუთვნილი.