გუშინ Toyota Motor Corp.-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც იაპონური ავტომწარმოებლის ამერიკული ფილიალი აშშ-ის მარეგულირებლებმა დაკრედიტების არალეგალური პრაქტიკის გამო დააჯარიმეს. მიმდინარე წლის განმავლობაში Toyota-ს აქციების ფასი დაახლოებით 36%-ით არის გაუმჯობესებული.
მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურომ (CFPB) Toyota Motor Credit Corp.-ს ჯარიმის სახით $60 მილიონის გადახდა დააკისრა და ამის მიზეზად დასახელდა Toyota-ს არალეგალური სქემა, რომლის მიზანიც იყო მსესხებლის მიერ პროდუქტის პაკეტების გაუქმების აღკვეთა, რაც საბოლოოდ მომხმარებლების საავტომობილო სესხების ყოველთვიურ გადასახადს ზრდიდა.
CFPB-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Toyota Motor Credit, რომელიც დაფუძნებულია პლანოში, ტეხასის შტატში, მომხმარებლებს უქვითავდა ფულს ან ერთ პაკეტში გაერთიანებულ პროდუქტებზე არასწორი ოდენობის თანხებს უბრუნებდა და შეგნებულად უფუჭებდა მათ საკრედიტო ისტორიებს მცდარი ინფორმაციით.
მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურომ აღნიშნა, რომ პაკეტში გაერთიანებული პროდუქტების ღირებულება საშუალოდ $700-$2,500-ს შეადგენდა თითო სესხზე და რომ ათასობით ადამიანი უჩიოდა ამის შესახებ Toyota Motor Credit-ს. თუმცა გამსესხებელმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც მომხმარებლებისთვის ამ პროდუქტების გაუქმების პროცესს ძალიან ართულებდა. გარდა ამისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო სათანადო ანაზღაურება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც საბოლოოდ გაუქმების პროცესის წარმატებით დასრულება შეძლეს.
CFPB-ის გადაწყვეტილება კომპანიას ავალდებულებს, შეწყვიტოს პრაქტიკა და დაზარალებულ მომხმარებლებს $48 მილიონი აუნაზღაუროს. დარჩენილი $12 მილიონი CFPB-ის დაზარალებულთა კომპენსაციის ფონდში გადაირიცხება.