ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს დიდი ყურადღება ექცევა. ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული Nasdaq Composite ინდექსი 2020 წლის დასაწყისიდან 49%-ით გაიზარდა. ეს სხვა პოპულარული ინდექსებზე მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგია, მაგრამ საფონდო ბირჟის განწყობა ცვალებადია.
ბოლო დროს ენერგეტიკული კომპანიების აქციების ფასები იზრდება. ეს კარგად ხსნის ფართო მოხმარების საქონლის ფასების მატებას. მაგრამ ბევრ ინვესტორს არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ტრადიციული, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციებთან. მათთვის Generac Holdings, რომელიც ცნობილია გენერატორებით, შეიძლება იყოს შესანიშნავი დანამატი იმ საინვესტიციო პორტფელში, რომელსაც ენერგო ექსპოზიცია არ გააჩნია. ამ სტატიაში კი გაიგებთ რატომ.
შემდეგი თაობის ენერგეტიკული ქსელი
2020 წლიდან მოყოლებული, კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლების უმეტესი ნაწილი მზის პანელების არსებობას მოითხოვდა. 2023 წლიდან ასეთივე მდგომარეობა იქნება კომერციული შენობების კუთხით. ჩვეულებისამებრ, მწვანე ენერგიის ინიციატივაში კალიფორნია ლიდერია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანები ეძებენ ისეთ სახლებს, რომლებიც გამოიმუშავებს იმდენ ენერგიას, რამდენსაც მოიხმარს. გაზრდილი მონიტორინგისა და ჭარბი ენერგიის „ჭკვიან ქსელში“ (ელექტრო ქსელი, რომელიც ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფს ელექტროენერგიისა და მონაცემების ორმხრივ ნაკადს, რათა აღმოაჩინოს, იმოქმედოს და ზომები მიიღოს გამოყენების ცვლილების ან სხვა მრავალი პრობლემის შემთხვევაში) გაგზავნით, სახლის მფლობელებს შეუძლიათ ეფექტურობის გაზრდაში წვლილის შეტანა, ასევე, დიდი ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემისთვის მოთხოვნისა და სიმძლავრის დაბალანსება.
ტენდენცია, სავარაუდოდ, დაჩქარდება, რადგან ახალგაზრდა თაობის წილი სახლის მყიდველებში უფრო გაიზრდება. Generac ცნობილია გენერატორებით, რომლებიც ელექტროენერგიის გამორთვის დროს განათებას ინარჩუნებს, მაგრამ კომპანია ასევე გაფართოვდა მზის ენერგიისა და შემნახველი ბატარეების მიმართულებით. მენეჯმენტის აზრით, Generac-ს, ჭკვიანი ქსელისთვის მზა შესაძლებლობებით, პროდუქტების ყველაზე ფართო ხაზი გააჩნია. ეს არის დიდი და გაფართოებადი ბაზარი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაიზრდება.
სახლი, როგორც თავშესაფარი
მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართები კომპანიისთვის ყველაზე თანმიმდევრული ზრდი ფაქტორი იყო, ჭკვიანი ქსელი ასევე სარგებელს მოუტანს Generac-ის კომერციულ და სამრეწველო ერთეულს. ამ უკანასკნელმა სეგმენტმა 2020 წელს ვარდნა განიცადა, რადგან მშენებლობა შენელდა. მაგრამ საცხოვრებელი ფართების გაყიდვები ვარდნას საკმარისზე მეტად ანაზღაურებს.
ელექტროენერგიის გათიშვის დიდმა რაოდენობამ და მომხმარებელთა მზარდმა დამოკიდებულებამ საკუთარ სახლებზე, გენერატორებზე მოთხოვნა დააჩქარა. გასულ წელს საცხოვრებელმა სეგმენტმა შემოსავლების ორი მესამედი შეადგინა, 2015 წელს კი – მხოლოდ ნახევარი.
მომავლის პერსპექტივები
მიუხედავად ბოლოდროინდელი ზრდისა, წინ ჯერ კიდევ დიდი პოტენციალია. კომპანიის შეფასებით, ამჟამად სახლების მხოლოდ 5.5%-ს აქვს სათადარიგო გენერატორი. ყველაზე მაღალი შეღწევადობის მქონე ადგილებში ეს მაჩვენებელი 20%-ს აღემატება. ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები გენერატორების საჭიროებას ზრდის და მეცნიერების ვარაუდით, ასეთი მოვლენები გაიზრდება.
მენეჯმენტი ამ მომავლისთვის მზადებას აგრძელებს. ის სცდება ტრადიციული გენერატორების ბაზარს, რათა ენერგეტიკული ეკოსისტემა უზრუნველყოს. გასულ წელს, Generac-მა შეიძინა კომპანია Ecobee სახლის მონიტორინგის პროდუქტების კომპლექტისთვის, რომელიც ხელს უწყობს გათბობისა და გაგრილების ოპტიმიზაციას, რაც იწვევს როგორც ენერგიის შენახვას, ასევე – დაზოგვას.
ბევრმა ინვესტორმა, განსაკუთრებით ეკოლოგიურად შეგნებულმა, შეიძლება, არ ჩადოს ინვესტიცია ტრადიციულ ენერგეტიკულ კომპანიებში. ასევე, ისტორია გვიჩვენებს, რომ გარემოსდაცვით ტექნოლოგიაში ინვესტირება სარისკოა. სწორედ ამიტომ, Generac-ის აქციების ყიდვა, შეიძლება, იყოს საზრიანი გზა ენერგეტიკის ინდუსტრიის ფართო ექსპოზიციის მისაღწევად, თქვენი კომფორტის ზონიდან გასვლის გარეშე.