აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციების დიდმა ნაწილმა გარკვეულწილად აანაზღაურა ადრეული ზარალი და პარასკევს მათი ფასები გაიზარდა. მიზეზი ის იყო, რომ ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს, თუ როგორ შეიძლება მიიღოს ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა (Fed) სამუშაო ადგილების ძლიერი ანგარიში და მომხმარებელთა განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა. აღსანიშნავია, რომ Fed-ის შეხვედრები მიმდინარე კვირაში, 12-13 დეკემბერს არის დაგეგმილი.
Nasdaq Composite თითქმის 0.5%-ით გაიზარდა და 2022 წლის აპრილის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულზე დაიხურა, ამასთან S&P 500-მა 0.4%-იანი ზრდით მიაღწია დახურვის მაქსიმალურ მაჩვენებელს გასული წლის მარტის შემდეგ. Dow Jones Industrial Average კი თითქმის 0.4%-ით — 36,247-მდე გაიზარდა, რაც 2022 წლის იანვრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს. უკვე ზედიზედ მეექვსე კვირაა, რაც ეს ინდექსები ზრდას აფიქსირებს.
ნოემბერში შეერთებული შტატების ეკონომიკას 199,000 სამუშაო ადგილი დაემატა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ეკონომისტები მოელოდნენ. უმუშევრობის დონე კი 3.9%-დან 3.7%-მდე შემცირდა. გასულ თვეში ეს მაჩვენებელი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ათიათასობით ავტომუშაკი და მსახიობი დაბრუნდა სამსახურში გაფიცვის შემდეგ, მაგრამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები მიგვანიშნებს, რომ შრომის ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს სიმტკიცე.
ამავდროულად, დეკემბრის დასაწყისში მომხმარებელთა განწყობა გაუმჯობესდა, რადგან, მიჩიგანის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
პარასკევის მოხსენებები დაემატება ეკონომიკურ მონაცემებს, რომელსაც Fed მიმდინარე კვირაში გამართულ შეხვედრებზე განიხილავს.