გუშინ Juniper Networks-ის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსელური აღჭურვილობებისა და სერვისების პროვაიდერის შეძენით დაინტერესებულია Hewlett Packard Enterprise (HPE). გასული წლის განმავლობაში Juniper Networks-ის აქციების ფასი თითქმის 8%-ით შემცირდა.
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Juniper-ის შესაძენად Hewlett Packard Enterprise-ის მენეჯმენტი თითო აქციისთვის $40-ის, ანუ მთლიანობაში დაახლოებით $14 მილიარდის გადახდას აპირებს სრულად ნაღდი ფულით. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების დროისთვის HPE-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $23 მილიარდს შეადგენდა. The Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამია, რომ, შესაძლოა, მხარეებმა შეთანხმებას მიმდინარე კვირაში მიაღწიონ. HPE-ის მენეჯმენტის მოლოდინით, გარიგება მიმდინარე წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში დაიხურება.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მიმართული იქნება Hewlett Packard Enterprise-ის მენეჯმენტის მცდელობებზე, გაზარდოს კომპანიის წვდომა ხელოვნურ ინტელექტზე (AI). 2023 წლის ივნისში კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ HPE შევიდა AI ქლაუდ ბაზარზე თავისი GreenLake ჰიბრიდული ქლაუდ პორტფელის გაფართოების საშუალებით. ამ ნაბიჯის მიზანი იყო დიდი ენობრივი მოდელების შეთავაზება ნებისმიერი საწარმოსთვის, დაწყებული სტარტაპებით, დასრულებული Furtune 500-ის კომპანიებით1.
ნოემბერში Hewlett Packard Enterprise-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია თანამშრომლობს Nvidia-სთან, რათა საწარმოებისთვის შექმნას ქლაუდ გამოთვლითი შეთავაზება, რომელიც გენერაციულ AI-ს იყენებს.
გუშინ, ამ მნიშვნელოვანი სიახლის ფონზე, Juniper Networks-ის აქციების ფასმა 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, Hewlett Packard Enterprise-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით შემცირდა.
Juniper Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $37.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $36.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Juniper Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Hewlett Packard Enterprise-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hewlett Packard Enterprise-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] ტერმინი Fortune 500 აღნიშნავს შეერთებულ შტატებში 500 უმსხვილესი კომპანიის სიას, რომელსაც ყოველწლიურად ჟურნალი Fortune ადგენს. კომპანიების რანჟირება ხდება მათი წლიური შემოსავლების მიხედვით. ეს სია მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს.