ევროკავშირმა (EU) Apple დაახლოებით $2 მილიარდით (1.8 მილიარდი ევრო) დააჯარიმა App Store-ის წესებისთვის, რომლებიც მუსიკის სტრიმინგის პროვაიდერებს აზარალებს. iPhone-ის მწარმოებლის მენეჯმენტმა კი განაცხადა, რომ, შესაძლოა, EU-ს ამ ნაბიჯმა Spotify გააძლიეროს.
გუშინდელ პრესრელიზში ევროკომისიამ განაცხადა, რომ Apple ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. ევროკომისიის წევრებმა ასევე თქვეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი, თავისი App Store-ის მეშვეობით iOS-ის მომხმარებლებისთვის მუსიკის სტრიმინგის აპლიკაციების შეთავაზებისთვის, ბაზარზე მოპოვებულ დომინანტურ პოზიციას ბოროტად იყენებს.
„Apple-მა გამოიყენა შეზღუდვები აპლიკაციების დეველოპერებზე, ხელი შეუშალა მათ, iOS-ის მომხმარებლებს მიაწოდონ ინფორმაცია აპლიკაციის გარეთ არსებული მუსიკის ალტერნატიული და იაფი გამოწერის სერვისების შესახებ“ — ნათქვამია განცხადებაში.
iPhone-ის მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტმა კი განაცხადა, რომ აპირებს, გაასაჩივროს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, შვედური კომპანიის — Spotify-ის უკვე დომინანტურ პოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ App Store ციფრული მუსიკის ბაზარზე კონკურენციისთვის ბარიერს წარმოადგენს. Apple-ის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მომხმარებლის დაზიანების რაიმე სანდო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ევროკომისიის ეს ნაბიჯი უგულებელყოფს იმ ბაზარზე არსებულ რეალობას, რომელიც კონკურენტუნარიანი და სწრაფად მზარდია“ — ვკითხულობთ Apple-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს ევროკავშირში ძალაში შედის ციფრული ბაზრების აქტი (DMA). ეს ახალი კანონი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
Apple-მა, DMA-სთან შესაბამისობის მიზნით, უკვე შეიტანა ცვლილებები თავის ზოგიერთ სისტემაში, მათ შორის App Store-სა და Apple Pay-ში.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $175.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $205.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.