გუშინ iRobot-ის აქციების ფასი 17%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ Amazon-ის მიერ Roomba მტვერსასრუტების მწარმოებლის $1.4 მილიარდად შესყიდვის გარიგება გააპროტესტა. მიმდინარე წლის განმავლობაში iRobot-ის აქციების ფასი დაახლოებით 29%-ით არის შემცირებული.
ევროკომისიის წევრების განცხადებით, მათ აცნობეს Amazon-ს, რომ iRobot-ის შეძენამ, შესაძლოა, რობოტი მტვერსასრუტების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდოს.
კომისიის თქმით, 6 ივლისს დაწყებულმა სიღრმისეულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგების წარმატებით დასრულებამ, შესაძლოა, რობოტი მტვერსასრუტების მწარმოებელი სხვა ბრენდები დააზარალოს.
ევროკომისიის წევრების განცხადებით, შეიძლება Amazon-მა გავლენა იქონიოს რობოტი მტვერსასრუტების გაყიდვებზე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. მათი თქმით, მომხმარებლები ამ ქვეყნებში ეყრდნობიან Amazon-ს, როგორც პროდუქტის აღმოჩენისას, ასევე შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას.
ევროკომისიის მთავარი პროტესტი გარიგების წინააღმდეგ ის იყო, რომ Amazon-ს შეუძლია სხვა ბრენდებზე გავლენა იქონიოს მათი პროდუქტის საკუთარ ბაზარზე არ დაშვების, შემცირებულად წარმოჩენის ან ფასწარმოქმნის მხრივ. მარეგულირებლების განცხადებით, ელექტრონული კომერციის გიგანტს ასევე შეუძლია, საკუთარი პროდუქტებისთვის გამოიყენოს „კომერციულად მიმზიდველი“ ეტიკეტები, როგორიცაა “Amazon’s Choice” ან “Works With Alexa”.
აღსანიშნავია, რომ პარასკევს iRobot-ის აქციების ფასი 39%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარიგება ევროპელი მარეგულირებლებისგან უპირობო თანხმობას მიიღებდა. ევროკომისიას 14 თებერვლამდე აქვს დრო, რათა Amazon-ისა და iRobot-ის გარიგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $34.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს — აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს და $51.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48.5%-იან ზრდას გულისხმობს.