გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ლიდერმა — Tesla-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 102%-ით გაუმჯობესდა.
მესამე კვარტალში Tesla-ს შემოსავალმა $25.17 მილიარდი შეადგინა, ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.71. ეს ორივე მაჩვენებელი ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $25.61 მილიარდს და $0.73-ს აღწევდა.
2019 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანალიტიკოსების მოლოდინებს ჩამორჩა როგორც Tesla-ს შემოსავლის, ასევე მოგების მაჩვენებელი.
Tesla-ს აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ისინი საფუძველს უყრიან წარმოების დაწყებას მექსიკის ახალ ქარხანაში. ილონ მასკის თქმით კი, სანამ კომპანია მექსიკის ქარხანაში სრული სიმძლავრით დაიწყებს წარმოებას, Tesla თავისი ავტომობილების ფასების შემცირებაზე მუშაობს.
მასკმა განაცხადა: „მე მაწუხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთების გარემო, რომელშიც გვიწევს ოპერირება. ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ავტომობილებს, ორიენტირებული არიან იმაზე, თუ რამდენი იქნება მათი ყოველთვიური გადასახადები. თუ საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე დარჩება ან კიდევ უფრო გაიზრდება, ადამიანებისთვის ავტომობილების შეძენა გაცილებით რთული გახდება“.
მასკმა მოგვიანებით აღნიშნა: „ჩვენი პროდუქცია უნდა გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, რათა მომხმარებლებმა მისი ყიდვა შეძლონ“.
Tesla-მ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter), რომელიც ახლა ასევე მასკის საკუთრებაშია, განაცხადა, რომ Cyebrtruck-ის წარმოება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და პირველი მიწოდება დაგეგმილია 30 ნოემბერს ტეხასის ქარხანაში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საწარმოს წელიწადში 125,000 ერთეულის გამოშვება შეუძლია.
ილონ მასკმა აღნიშნა: „მინდა შევამსუბუქო მოლოდინები Cybertruck-თან დაკავშირებით. ეს შესანიშნავი პროდუქტია, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, დადებითი ფულადი ნაკადების გამოსამუშავებლად, მას 12-18 თვე დასჭირდება“.
კომპანიას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია Cybertruck-ის ზუსტი სპეციფიკაციები ან ფასი.
რაც შეეხება გასული კვარტლის სხვა ფინანსურ მონაცემებს, ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $19.63 მილიარდს მიაღწია, ხოლო კომპანიამ $1.56 მილიარდი მიიღო ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის ბიზნესიდან.
კვლევისა და განვითარების ხარჯებმა $1.16 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $733 მილიონი შეადგინა. Tesla-ში აღნიშნეს, რომ გაორმაგდა კომპანიის AI სასწავლო გამოთვლების მოცულობა, რათა სიმძლავრე შეესაბამებოდეს Tesla-ს მზარდ მონაცემთა ბაზას და Optimus რობოტის პროექტს.
2023 წლის მესამე კვარტლის ანგარიში იყო Tesla-სთვის პირველი მას შემდეგ, რაც კომპანიის ყოფილმა მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — ზაქარი კირკჰორნმა თანამდებობა დატოვა. მასკის ელექტრომობილების კომპანიაში მთავარი ბუღალტერი — ვაიბჰავ ტანეჯა ახლა ორივე პოზიციას ერთდროულად იკავებს.
ტანეჯამ, ისევე როგორც მასკმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ Tesla 2024 წელს იმუშავებს ხარჯების შემცირებაზე როგორც საინჟინრო, ასევე საწარმოო ოპერაციების მიმართულებით.
ანალიტიკოსების შეფასებები
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $208.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $228.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $350.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.