ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla საახალწლოდ თავისი გერმანული ქარხნის, Gigafactory-ის ამოქმედებისთვის ემზადება, სადაც ბოლო დაბრკოლებების გადალახვა უწევს.
ბერლინ-ბრანდენბუგის ეს ქარხანა ორი წლის განმავლობაში შენდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩადებულ ინვესტიციებსა და ჩატარებულ სამუშაოებს უმეტესობა დადებითად შეხვდა თავიდან, მათ შორის, თავად ქალაქ გრუნდჰაიდის მერი, მის მშენებლობაზე მაინც მოახდინა გავლენა გარკვეულმა უთანხმოებებმა.
როგორც რეგიონალური გამოცემა RBB24 იუწყება, ყველაზე ბოლო დავა მიმდინარეობს წყლის სატუმბი ნაგებობების შესახებ იმ რეგიონში, სადაც მდებარეობს ზემოაღნიშნული ქარხანა, რადგან მან შეიძლება ხელი შეუშალოს ქარხანაში განსახორციელებელ ოპერაციებს.
ფრანკფურტის (ოდერის) ადმინისტრაციულ სასამართლოში აღნიშნული საკითხის განხილვა ამ თვის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერჯერობით გადაიდო. საქმე ეხება გარემოსდაცვითი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, რეგიონში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო Tesla-ს ობიექტში წყლის გატუმბვით. ვარაუდობენ, რომ ეს პროცედურები ობიექტისგან ჭარბი რაოდენობით წყლის მოხმარებას გამოიწვევს ყოველწლიურად, რამაც გამოიწვია გარემოსდამცველთა აღშფოთება.
Tesla-მ გამოცემა CNBC-ისთან არანაირი კომენტარი არ გააკეთა ამასთან დაკავშირებით.
Tesla-სა და მისი გავლენიანი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ობიექტის არსებობა, რადგანაც მისი ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიის მომავლისთვის და არის ერთგვარი განვითარება მთელი იმ ხანგრძლივი და დიადი საგისა, რასაც Tesla ჰქვია.
Wedbush Securities-ის მმართველმა დირექტორმა დენ აივსმა CNBC-ის განუცხადა, რომ ბერლინი Tesla-სთვის არის 2022 და შემდგომი წლების განვითარებისა და შესაძლებლობათა გაფართოების საყრდენი:
„Tesla-მ წითელი ლენტი უკვე გაჭრა და დიდი გზა გამოიარა, რომ მოსულიყო აქამდე, მაგრამ მთავარია, რომ ის უკვე დაიწყებს ამ საწარმოში მანქანების გამოშვებას იანვრიდან“.
ადგილობრივი დაბრკოლებები
Tesla-მ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა ბერლინის მახლობლად ქარხნის მშენებლობაზე, რომელიც მისი პირველი ობიექტია ევროპაში და ვარაუდობენ, რომ ის გაუთანაბრდება გერმანული მანქანათწარმოების გიგანტებს – Volkswagen-სა და Daimler-ს.
მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული შეფერხებებისა, Tesla მაინც სწრაფად მუშაობდა, თუმცა პირველი აგურის დადებიდანვე შეხვდა დაბრკოლებებსა და გამოწვევებს ადგილობრივთაგან. ბოლო დროის კრიტიკა გამოიწვია ქარხნის მცდელობამ, რომ გააფართოვოს სფერო და დაიწყოს აკუმულატორის ელემენტების წარმოება. ჯერ კიდევ ზაფხულში შიდა ხელისუფლება აფრთხილებდა კომპანიას მოსალოდნელი ავარიების შესახებ ობიექტზე, ამასთან, ის რამდენჯერმე დაჯარიმდა სამშენებლო წესების დარღვევის გამო გარემოსდაცვითი ორგანოების მიერ.
ქარხანამ თავიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო, რადგან ის ადგილობრივებისთვის მოასწავებდა შესაძლებლობას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ფიქრობენ, რომ უახლოეს წლებში აქ 40, 000-მდე დასაქმებული იქნება. გრუნდჰაიდის მერმა ადრე ამ შესაძლებლიბას „ცხოვრებაში ერთხელ მოცემული შანსი“ უწოდა, რომელიც დაასტიმულირებდა ლოკალურ ეკონომიკას.
Gerber Kawasaki-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, როს გერბერმა, რომელიც Tesla-ს ინვესტორადაც გვევლინება, CNBC-თან განაცხადა, რომ მას დიდად არ აშფოთებს აღნიშნული ბარიერები, რადგან კომპანიაში იციან, რომ ქარხანა უკვე მალე გაიხსნება და ეს პატარა დაბრკოლებები ხელს ვერ შეუშლის:
„ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებს ევროპულ ბაზარს, რადგან აქ Tesla-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, – ამბობს ის.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქარხანამ გარემოზე, რადგან რეგიონში წყლის მიწოდების პრობლემა აქტუალურია, თუმცა თავად მასკმა უარით უპასუხა ამ შეკითხვას და დასძინა, რომ რეგიონში უამრავი წყალია.
2020-ის წლიურ ანგარიშში Tesla-მ თქვა, რომ როგორც ახალი ობიექტი გერმანიაში, ისე ახალი ლოკაცია ტექსასში, მუშაობს იმაზე, რომ „მანქანების წარმოებაში ნაკლები წყალი დაიხარჯოს“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ კლიმატის ცვლილებების გამო წყლის მიწოდება ზოგჯერ პრობლემას წარმოადგენს:
„კლიმატის ცვლილებების გამო წყალი უფრო და უფრო მწირი ხდება, ამიტომ ჩვენც ვცდილობთ, შევამციროთ წყლის მოხმარება ჩვენს ოპერაციებში“.
ამ ყველაფერთან ერთად, Tesla-ს სასამართლო პროცესის გამართვა მოუწია სამშენებლო მოედნის ირგვლივ მოჭრილი ხეების გამო, ხოლო გარემოსდამცველებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ქარხანა ველურ ბუნებაზე მოახდენს გავლენას, მათ შორის ე.წ. ქვიშის ხვლიკებზე.
„მე ვფიქრობ, რომ მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს ის ჩახლართული ბიუროკრატია, რაც თან ახლდა ხეების მოჭრას და არც იმას ელოდნენ, რომ ეს პროცესი სამი თვე გაგრძელდებოდა“, – აცხადებს აივსი.
ევროპული მარკეტი
გარტნერის საავტომობილო ანალიტიკოსის, პედრო პაჩეკოს თქმით, გერმანული საწარმოს გავლენები ეტაპობრივად იჩენს თავს, თუმცა ყურადსაღები იქნება:
„ვფიქრობ, მთავარი განსხვავება ისაა, რომ Tesla-ს, საწარმოო პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მეტი სიმძლავრე ექნება ხელმისაწვდომობის კუთხით, რადგან ევროპელ მომხმარებლებს, რომლებიც დროს ყურადღებას აქცევენ, არ დასჭირდებათ ლოდინი, მაგალითად, ჩინეთიდან ჩამოსული მანქანებისთვის“, – აცხადებს იგი და თან დასძენს, რომ თუ Tesla შეიმუშავებს ისეთ მოდელებს, რომლებიც სრულად გაითვალისწინებს ევროპულ ბაზარს, მისი უპირატესობა გადამწყვეტი იქნება.
„გერმანია საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა მსოფლიოში, ამიტომ თუ გსურთ ამ მიმართულებით თქვენი ნიჭის გამოყენება, სწორედ გერმანიაში უნდა ჩახვიდეთ“, – ამბობს პაჩეკო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიმართულების ტალანტებზე „ნადირობა“ უფრო აქტუალური გახდება, რადგან ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა Volkswagen და მისთანები, რა თქმა უნდა, კონკურენტებად მოევლინებიან Tesla-ს და დაიწყებენ საკუთარი გეგმების განხორციელებას ელექტრომობილების წარმოებაში.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ისახება, არის მსოფლიოში მიმდინარე შეფერხებები მიწოდებებთან დაკავშირებით და მიკროჩიპების დეფიციტში ყოფნა, რამაც საავტომობილო ინდუსტრიას მძიმე ზიანი მიაყენა.
CNBC-ს გერბერმა განუცხადა, რომ საწარმომ ღირსეულად გაუძლო მიკროჩიპების დეფიციტს, მაგრამ ის კვლავ დადგება კრიზისის წინაშე 2022 წლის პირველ კვარტალში მაინც:
„მე მაინც მგონია, რომ ეს გარკვეულ პრობლემად დარჩება მომდევნო წლის პირველ კვარტალში, თუმცა წლის ბოლოსთვის მაინც ყველაფერი დალაგდება, მომავალი 12 თვის განმავლობაში კი მთლიანად აღმოიფხვრება“, – თქვა მან.
წყარო: CNBC.COM