ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს წარმომადგენლებმა სარჩელი შეიტანეს შვედეთის სატრანსპორტო სააგენტოსა და PostNord AB-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც სკანდინავიურ ქვეყანაში მუშაკების გაფიცვამ ახალი ავტომობილებისთვის სანომრე ნიშნების მიწოდება შეაჩერა. PostNord AB არის ამანათების მიწოდებისა და ლოჯისტიკური მომსახურების კომპანია, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერ არის დაფუძნებული.
შვედეთის მუშაკების მზარდი რაოდენობა შეუერთდა გაფიცვას, რომელიც დაიწყო 27 ოქტომბერს, როდესაც შვიდი ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც Tesla-ს ემსახურებიან, ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ელექტრომობილების მწარმოებლის წარმომადგენლებს ხელი მოეწერათ კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულებაზე. Associated Press (აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო) იტყობინება, რომ ამ გაფიცვებისადმი სოლიდარობის ნიშნად, PostNordAB-ის მუშაკებმა Tesla-სთვის სანომრე ნიშნების მიწოდების პროცესი დაბლოკეს.
Associated Press-ის თანახმად, ტეხასის შტატში დაფუძნებული ელექტრომობილების მწარმოებელი უჩივის შვედეთის სატრანსპორტო სააგენტოს იმის გამო, რომ ეს არის უკანონო დისკრიმინაციული თავდასხმა, რომელიც მიმართულია Tesla-ზე.
კომპანია ასევე უჩივის PostNord AB-ს გაფიცვაში მონაწილეობის მიღების გამო. შვედურ იურიდიულ ფირმაში, რომელიც Tesla-ს წარმოადგენს, განაცხადეს, რომ ეს ქმედებები თითქმის მთლიან სისტემას უქმნის საფრთხეს.
Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი — ილონ მასკი აღშფოთებულია ამ მოვლენებით და მან X პლატფორმის (ყოფილი Twitter) საშუალებით განაცხადა, რომ ეს ნამდვილი სიგიჟეა.
ამ სიახლეების ფონზე, გუშინ ავტომობილების მწარმოებლის აქციების ფასი თავიდან დაახლოებით 2%-ით შემცირდა, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა და კომპანიამ სავაჭრო დღე თითქმის 0.3%-იანი ზრდით დაასრულა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 118%-ით არის გაუმჯობესებული.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $236.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $247.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.