დებიუტიდან ოთხი წლის შემდეგ, ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს Cybertruck-მა საბოლოოდ მიაღწია მომხმარებელთა პირველ ნაკადამდე.
Cybertruck-ის მიწოდების ღონისძიებაზე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მომლოდინეთა სიაში 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყო. Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, მათი აზრით, ამ მოდელის წარმოების მასშტაბირება რთული იქნება და წელს ეს სიახლე კომპანიაზე მატერიალურად ვერ იმოქმედებს.
გუშინ ილონ მასკმა ისიც თქვა, რომ Cybertruck უფრო გამოსადეგია, ვიდრე სატვირთო მანქანა და, ამასთან, ის სპორტულ ავტომობილზე სწრაფია. ამ უკანასკნელი სიტყვების განსამტკიცებლად მან ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ვიდეო, რომელშიც Cybertruck, უკან მობმული Porsche 911-ით, მოკლე რბოლაში ბენზინზე მომუშავე სხვა Porsche 911-ს ასწრებს.
„საბოლოოდ, მომავალი მომავალს დაემსგავსება“ — განაცხადა მასკმა Cybertruck-ის დიზაინზე საუბრისას.
Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ღონისძიებაზე მოდელის ფასი ან კომპანიის წარმოების მიზნები არ დაუზუსტებია. თუმცა მოგვიანებით Tesla-ს ვებგვერდზე ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის საწყისი ფასი $60,990 იქნება — ეს მაჩვენებელი 50%-ით აჭარბებს იმ ნიშნულს, რომელსაც მასკი 2019 წელს აანონსებდა. ავტომობილის სამი ვარიანტის ფასები $60,990-$99,990 დიაპაზონში იქნება.
ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე ილონ მასკმა Cybertruck სცენაზე თვითონ აიყვანა და მოგვიანებით ავტომობილები დაახლოებით ათეულ მომხმარებელს გადასცა.
Tesla-მ Cybertruck პირველად 2019 წელს გამოუშვა და კომპანიის მმართველი გუნდი ბაზარს მის მიწოდებას 2021 წლისთვის დაჰპირდა. თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 2022 წლამდე გადაიდო და Tesla-ს პანდემიით გამოწვეული წინაღობების გადალახვა მოუწია.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანიის მთლიანი მიწოდების მაჩვენებელი შემცირდა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მას შემდეგ, რაც Tesla-მ შეწყვიტა წარმოება მთავარ ქარხნებში Cybertruck-ისთვის აღჭურვილობის განსაახლებლად.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $240.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $247.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.