დღეს, ბაზრის გახსნამდე, Taiwan Semiconductor Manufacturing Company-მ (TSM) მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. წლის დასაწყისიდან ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 70%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Taiwan Semiconductor Manufacturing-ის შემოსავალი წლიურად 32.8%-ით — $20.82 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.16 მილიარდს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 10.3%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში TSMC-ის მთლიანმა მარჟამ 53.2% შეადგინა, საოპერაციო მარჟამ — 42.5%, ხოლო წმინდა მოგების მარჟამ — 36.8%.
ჩიპების მწარმოებელი გიგანტის კვარტალური წმინდა მოგება კი წლიურად 36.3%-ით — $7.59 მილიარდამდე გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 9.9%-ით გაუმჯობესდა.
მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.48 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.4-ს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Taiwan Semiconductor Manufacturing-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე, ანუ მესამე, კვარტალში კომპანიის შემოსავალი $22.4-$23.2 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიურად დაახლოებით 30%-33%-იანი ზრდას გულისხმობს.
ჩიპების მწარმოებელ კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ მთლიანი მოგების მარჟა 53.5%-55.5%-ს შეადგენს, ხოლო საოპერაციო მოგების მარჟა 42.5%-44.5%-ს.
„ჩვენს ბიზნესს მეორე კვარტალში ხელი შეუწყო ინდუსტრიაში წამყვანმა ჩვენმა 3 და 5-ნანომეტრიანმა ტექნოლოგიებმა, რაც ნაწილობრივ გააბათილა სმარტფონების სეზონურობამ“ — განაცხადა TSMC-ის ფინანსურმა დირექტორმა, ვენდელ ჰუანგმა. „ახლა კი მოველით, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში ჩვენს ბიზნესს მხარს დაუჭერს ძლიერი მოთხოვნა სმარტფონებზე და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ჩვენს მოწინავე ტექნოლოგიებზე“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები TSMC-ის აქციებს?
Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.8%-იან კლებას გულისხმობს.