გუშინ Synopsys-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა, ნახევარგამტარების დიზაინისა და სიმულაციის მიმართულებით შვიდწლიანი პარტნიორობის შემდეგ, Ansys-ის შესყიდვა დააანონსა. სიახლის შემდეგ ამ უკანასკნელის აქციების ფასი კი 5%-ზე მეტით შემცირდა.
გარიგების წარმატებით დახურვის შემთხვევაში, Ansys-ის აქციონერები კომპანიის თითო აქციისთვის $197-ის ოდენობით ნაღდ ფულს და Synopsys-ის 0.345 ჩვეულებრივ აქციას მიიღებენ. მთლიანობაში გამოდის, რომ Synopsys ამ შესყიდვისთვის $35 მილიარდს გადაიხდის. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ გარიგების ნაწილს — $19 მილიარდს ნაღდი ფულით დაფარავს, ხოლო $16 მილიარდს ვალის შეთავაზებით გადაიხდის.
Synopsys და Ansys შვიდი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, პირველი მათგანის ნახევარგამტარული ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაციას (EDA) Ansys-ის სიმულაციისა და ანალიზის ინსტრუმენტებთან აერთიანებდნენ. სამი კვირის წინ კი The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ფირმის მმართველი გუნდები, გაერთიანების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
Synopsys-ის მენეჯმენტის თქმით, გაერთიანებული კომპანიის მთლიანი პოტენციური ბაზარი 1.5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით $28 მილიარდს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ გაზრდილი თავისუფალი ნაკადების საშუალებით, შესყიდვის განსახორციელებლად აღებული ვალი 2 წლის განმავლობაში 2-ჯერ შემცირდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ კომპანიების გაერთიანება, მესამე წლისთვის, წლიური ხარჯების $400 მილიონით შემცირებას გამოიწვევს.
Synopsys-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — სასინ ღაზიმ განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიყენოს, რათა შექმნას კვლევისა და განვითარების (R&D) მძლავრი მექანიზმი ინდუსტრიების ფართო სპექტრში.
Synopsys-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $510.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $624.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $675.00-ს, ხოლო მინიმალური — $570.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Synopsys-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Ansys-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $327.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $333.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $375.00-ს, ხოლო მინიმალური — $295.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ansys-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.