S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით მიხედვით პარასკევს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანიის — Super Micro Computer-ის აქციების ფასი თითქმის 36%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 246%-ით გაუმჯობესდა.
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, მაღალი ხარისხის სერვერისა და მონაცემთა შენახვის კომპანიამ ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტლის წინასწარი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. Super Micro Computer-ის მენეჯმენტმა პროგნოზები მკვეთრად გაზარდა და ინვესტორებმა ამ სიახლეს კომპანიის აქციების აგრესიული შესყიდვებით უპასუხეს.
მეორე კვარტლის შედეგები მოლოდინებს გადააჭარბებს
Super Micro Computer-ის მონაცემთა შენახვისა და სერვერის გადაწყვეტებზე მოთხოვნა მატულობს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და სხვა მაღალი ხარისხის გამოთვლითი აპლიკაციების ზრდასთან ერთად. მენეჯმენტის განახლებულმა პროგნოზებმა შემოსავალზე, კორექტირებულ EPS-ზე (მოგება თითო აქციაზე) და GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილ EPS-ზე ინვესტორების აღფრთოვანება გამოიწვია.
Super Micro Computer-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტლის შემოსავალი $3.6-$3.65 მილიარდს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $2.7-$2.9 მილიარდი), კორექტირებული EPS — $4.40-$4.88-ს (ძველი პროგნოზი — $5.40-$5.55), ხოლო GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS — $3.75-$4.24-ს (წინა პროგნოზი — $4.90-$5.05).
შედეგები, რომელთა დაფიქსირებასაც Super Micro-ში ისახავენ მიზნად საოცარია. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ პარასკევს კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რას უნდა მოველოდეთ?
Super Micro Computer კვარტალურ ანგარიშს 29 იანვარს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წინასწარი შედეგები უკვე წარადგინა, კვარტალურმა ანგარიშმა მაინც შეიძლება გამოიწვიოს აქციების ფასის ცვლილება იმის მიხედვით, თუ რეალურად რა მაჩვენებლები დაფიქსირდება.
გარდა ამისა, ინვესტორებს მომავალი ფისკალური კვარტლის პროგნოზებიც აინტერესებთ. როგორც ჩანს, მოთხოვნა სწრაფად იზრდება და შესაძლებელია, რომ მენეჯმენტმა ბაზარს დამატებითი პროგნოზებიც გააცნოს.
ანალიტიკოსების პროგნოზები
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $423.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $391.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.