გუშინ მზის ენერგიის კომპანიის — SolarEdge Technologies-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი სამუშაო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს გაათავისუფლებს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ეს ინდუსტრია თვეების განმავლობაში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
SolarEdge-თან ერთად გუშინ Enphase Energy-ის (3.44%), Sunnova Energy-ისა (4.61%) და Sunrun-ის (4.56%) აქციების ფასებიც გაიზარდა.
„დიდი დათხოვნა“
SolarEdge-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სამუშაო ძალას გლობალური მასშტაბით 16%-ით შეამცირებს, ანუ მთლიანობაში 900 თანამშრომელს გაათავისუფლებს. შოკისმომგვრელი მაჩვენებელია მწარმოებელი მუშახელის 500 თანამშრომლით შემცირება.
კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მექსიკაში საწარმოო ოპერაციები შეწყდება და ამ მხრივ შემცირება შეეხება ჩინეთსაც. აღმასრულებელმა დირექტორმა — ზვი ლანდომ განაცხადა: „ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება, დაგვეთხოვა სამუშაო ძალის ნაწილი და დაგვენერგა ხარჯების შემცირების სხვა ზომები. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ხარჯების სტრუქტურა ბაზრის სწრაფად ცვალებად დინამიკას მოვარგოთ“.
ბაზარი ამ ნაბიჯს დადებითად აღიქვამს, რადგან SolarEdge-ის ხარჯები უფრო დაბალი იქნება, მაგრამ ეს გაფრთხილებაა მთლიანობაში ინდუსტრიისთვის.
მზის ენერგიის გაურკვეველი მომავალი
2023 წლის მესამე კვარტლის ფინანსურმა შედეგებმა მზის ენერგიის ბაზარზე მოთხოვნის სისუსტე წარმოაჩინა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მზის ენერგია ნაკლებად ეკონომიური გახდა. ნეგატიური როლი საპროცენტო განაკვეთების ზრდამაც ითამაშა.
თუმცა კვარტლის მეორე ნახევარში მოთხოვნა გაიზარდა, ამასთან საპროცენტო განაკვეთები თვეების განმავლობაში მცირდება, რამაც პროექტები უფრო ეკონომიური უნდა გახადოს.
მაგრამ თუ SolarEdge მწარმოებელ მუშახელს ათავისუფლებს, როგორც ჩანს, მენეჯმენტი უფრო ხანგრძლივ ვარდნას მოელის, რაც შეიძლება შემაშფოთებელი იყოს. რასთან არის ეს პრობლემა დაკავშირებული — SolarEdge-თან თუ ზოგადად ინდუსტრიასთან?
თუ ეს SolarEdge-ის პრობლემაა, თანამშრომლების გათავისუფლება მოთხოვნის საკითხს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ შეიძლება კომპანიას მომგებიანობის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
თუ პრობლემა მთლიანად ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლების გადაწყვეტილებები შეიძლება სხვა კომპანიებშიც ვიხილოთ, რაც ინდუსტრიისთვის ძალიან ცუდი იქნება.
ანალიტიკოსების შეფასებები
SolarEdge-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $72.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $87.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $166.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.46-ს. საშუალო სამიზნე ფასი SolarEdge-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
SolarEdge-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.