შავ პარასკევს Shopify-მ შესანიშნავი შედეგების დაფიქსირება შეძლო. გუშინ კი ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 107%-ით არის გაუმჯობესებული.
Shopify-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის პლატფორმაზე დარეგისტრირებულმა მოვაჭრეებმა შავ პარასკევს გაყიდვებში რეკორდულ მაჩვენებელს — $4.1 მილიარდს მიაღწიეს. 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 22%-ის არის გაზრდილი.
Shopify-ში აღნიშნეს, რომ პიკური მოთხოვნა დაფიქსირდა აღმოსავლეთის დროით 12:01 საათზე, როდესაც კოლექტიურმა გაყიდვებმა წუთში $4.2 მილიონი შეადგინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ შავ პარასკევს პროდუქტების კალათის საშუალო ფასმა $110.71-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე დღეს ამ მაჩვენებელმა $102.31 შეადგინა.
Shopify-მ განმარტა, რომ გაყიდვების მხრივ მოწინავე პოზიციებს აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა იკავებდა, ხოლო პროდუქტების ყველაზე წარმატებული კატეგორიები იყო ტანსაცმელი, პირადი მოვლის საშუალებები და სამკაულები.
Shopify-ის პრეზიდენტმა — ჰარლი ფინკელშტეინმა თქვა, რომ კომპანიამ შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა და კიბერ ორშაბათის მოლოდინში აღფრთოვანება კიდევ უფრო იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ამ შესანიშნავი სიახლის შედეგად Shopify-ის აქციების ფასმა 2022 წლის მარტის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.
Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $73.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 17-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.