პარასკევს Paramount Global-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Puck News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასართობი ინდუსტრიის კონგლომერატის საკონტროლო პაკეტის მოპოვებით ინტერესდება Skydance Media და RedBird Capital Partners.
მიმდინარე წლის განმავლობაში Paramount Global-ის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.
Skydance-სა და RedBird-ის წარმომადგენლები კონტროლის არაპირდაპირ მოპოვებას განიხილავენ
სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით, Puck News-მა განაცხადა, რომ Skydance-ისა და RedBird-ის მმართველი გუნდები Paramoount-ზე კონტროლის ირიბად მოპოვებას აპირებენ — მედიაკომპანიის National Amusements-ის შეძენით, რომელიც ამჟამად Paramount-ის A კლასის აქციების დაახლოებით 77%-ს ფლობს. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა.
Puck News წყაროებმა შემდეგი ინფორმაცია მიაწოდეს: „არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ ინფორმაციის გაუვრცელებლობის შეთანხმება გაფორმებულია და, როგორც ამბობენ, გარიგების ფინანსურ მხარეზე მცირე ჯგუფი მუშაობს“.
პერსპექტივისთვის, Paramount-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, პარასკევს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, დაახლოებით $11.1 მილიარდს შეადგენს და კომპანიამ ბოლო კვარტალი თითქმის $17 მილიარდის ოდენობით მთლიანი დავალიანებით დაასრულა (მათ შორის გრძელვადიანი დავალიანება დაახლოებით $15.6 მილიარდს აღწევს).
რა ელით Paramount-ის ინვესტორებს?
ოქტომბერში დაფიქსირებული 52-კვირიანი მინიმალური ნიშნულის შემდეგ Paramount-ის აქციების ფასი გაიზარდა. ეს იმის გამო ხდება, რომ მისმა უახლესმა კვარტალურმა ანგარიშმა ზარალის შემცირება აჩვენა და, ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის წარმომადგენლები Apple TV+-სთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
მესამე კვარტალში Paramount-ის შემოსავალმა $7.13 მილიარდი შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზებს $11.12 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.30-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.10). როგორც ვხედავთ, შემოსავალი მოლოდინს ოდნავ აღემატებოდა, ხოლო მოგებამ უოლ სტრიტის პროგნოზებს ძალიან გადააჭარბა და, როგორც ჩანს, ეს არ არის უბრალოდ ერთჯერადი, გამონაკლისი მოვლენა.
Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის — ბობ ბაკიშის თქმით, კომპანიის ინვესტიციებმა, სტრიმინგ პლატფორმისთვის კონტენტისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, პიკს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა კომპანია წყვეტს ფულის ხარჯვას კონტენტის გასაძლიერებლად და მომხმარებლების მიერ პლატფორმის ათვისების ხელშესაწყობად, Paramount-ის მოგება ნაკლები ზეწოლის ქვეშ უნდა მოექცეს.
ასეთ პირობებში კი Paramount+-ის გამომწერების რაოდენობა 2.7 მილიონით გაიზარდა და აბონენტთა საერთო რიცხვმა 63 მილიონს გადააჭარბა. მომსახურების სეგმენტიდან მიღებულმა შემოსავალმა წლიდან წლამდე 61%-ით მოიმატა გამომწერების რაოდენობისა და რეკლამების მიმართულებით გაყიდვების ზრდის წყალობით.
რაც შეეხება Apple-თან დაკავშირებულ სიახლეს, დაახლოებით 1 კვირის წინ The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Paramount-ისა და Apple-ის წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ვიდეო სტრიმინგ სერვისების ერთ პაკეტში გაერთიანებაზე. გაზეთის ინფორმაციით, Paramount+-ისა და Apple TV+-ის გაერთიანებული პაკეტის ღირებულება, შესაძლოა, უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი გადასახადი ორივე სერვისისთვის ინდივიდუალურად.
ამასთან, აღსანიშნავია ერთი ფაქტი — რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტიები, რომ Skydance-ისა და RedBird-ის მხრიდან დაინტერესება რეალურად გარიგებით დასრულდება.
Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.