ინდონეზიაში TikTok-ის მხრიდან პოტენციურმა კონკურენციამ გუშინ ელექტრონული კომერციის კომპანიის — Sea Limited-ის აქციების ფასის 5%-ზე მეტით შემცირება გამოიწვია. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის დაკლებული.
გუშინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ TikTok, GoTo-ს ელექტრონული კომერციის ბიზნესის — Tokopedia-ს შეძენის გზით, ინდონეზიის ელექტრონული კომერციის ბაზარზე ხელახლა შესვლას ცდილობს. Sea Limited კი თავისი წლიური შემოსავლის 67%-ს ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან იღებს, ხოლო მთლიანი საქონლის მოცულობის 35%-ს ინდონეზიაში ყიდის.
TikTok-ის გარიგება
TikTok-ის მენეჯმენტი სექტემბერში იძულებული გახდა, დაეხურა საკუთარი ელექტრონული კომერციის ბიზნესი — TikTok Shop ინდონეზიაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით ონლაინ შოპინგს კრძალავს. თავდაპირველად TikTok-მა ამ კანონის გვერდის ავლა ვერ შეძლო. თუმცა გუშინ დილით მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია GoTo-ს Tokopedia-ს 75%-ს $840 მილიონად შეისყიდის, შემდეგ კი ასობით მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს ელექტრონული კომერციის ბიზნესის განვითარებაში — ამ მიმართულებით კომპანია მთლიან ინვესტიციას $1.5 მილიარდამდე გაზრდის.
„Tokopedia-ს ძლიერი ადგილობრივი წარმომადგენლობის TikTok-ის მასობრივი ბაზრის მიღწევებთან და ტექნოლოგიურ უნარებთან შერწყმით ინდონეზიის ელექტრონული კომერციის ჩემპიონი შეიქმნება“ — განაცხადა GoTo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — პატრიკ ვალუჯომ.
ამ პროცესში, TikTok აშკარა და რეალურ საფრთხეს შეუქმნის Sea Limited-ის ბიზნესის დიდ ნაწილს.
TikTok-ის მხრიდან პოტენციურმა კონკურენციამ გუშინ დილით გარკვეული ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. ადგილობრივმა სინგაპურულმა ბანკმა — DBS-მა შეამცირა Sea Limited-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $42-მდე შეამცირა. თუმცა აშშ-ში Loop Capital-მა ეს მაჩვენებელი $43-მდე გაზარდა.
Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $32.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.