მას შემდეგ, რაც Visa-მ და Mastercard-მა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთში ოპერაციები შეაჩერა, Sberbank PJSC-მა განაცხადა, რომ რუსული გადახდის სისტემის – Mir-ისა და ჩინეთის UnionPay-ის გამოყენებით, ბარათების გამოცემის შესაძლებლობას განიხილავს.
ეს რუსებს საზღვარგარეთ გარკვეული გადახდების განხორციელების საშუალებას მისცემს, ვინაიდან UnionPay 180 ქვეყანასა და რეგიონში ოპერირებს. Visa-სა და Mastercard-ის წარმომადგენლების განცხადებით, 10 მარტიდან რუსეთში გაცემული ბარათებით წამოწყებული ტრანზაქციები არ განხორციელდება.
შიდა ბანკების მიერ გაცემული ბარათები, რუსეთის გადახდის სისტემის გამოყენებით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რუსეთის უმსხვილესმა კრედიტორმა – Sberbank-მა განაცხადა, რომ ვადებს მოგვიანებით გამოაცხადებს.
Visa და Mastercard იმ საერთაშორისო კომპანიების სიას შეურთდნენ, რომლებმაც, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს. ეს ნაბიჯი რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას უწყობს ხელს. კომპანიებმა განაცხადეს, რომ ის ბარათები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არის გაცემული, რუსეთში არსებულ ბანკომატებში ან სავაჭრო დაწესებულებებში არ იმუშავებს.
რუსეთის უმსხვილესი არასახელმწიფო კრედიტორი – Alfa-Bank JSC უკვე მუშაობს UnionPay-ით ბარათების შეთავაზებაზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული UnionPay ჩინეთში საბარათო გადახდების უმსხვილესი პროვაიდერია.
ცენტრალური ბანკი
Tinkoff Bank-მა განაცხადა, რომ ასეთ ბარათებს ამჟამად არ გასცემს, მაგრამ ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე დაიწყებს. Reiffeisen Bank International AG-ის რუსულმა წარმომადგენლობამ ბანკის ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ ამ პრობლემას განიხილავს.
საერთაშორისო სანქციების რისკების შეზღუდვის მიზნით, რუსეთის ცენტრალური ბანკი დროებით ამცირებს იმ ინფორმაციის მოცულობას, რომელიც კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოაქვეყნონ. ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვლიდან ბანკებს აღარ მოუწევთ ეროვნული სტანდარტებით მომზადებული ანგარიშების გამოქვეყნება ან ვებ-გვერდზე რაიმე დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ ნაღდი ფულის გამოყენება ურჩია. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, Mir-ის ბარათების გამოყენება ასევე შესაძლებელია თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, ბელორუსში, ყახახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ ტერიტორიებზე.