Roche Holding AG არის მედიკამენტების კიდევ ერთი მწარმოებელი, რომელიც ცდილობს, წონაში კლების პრეპარატებზე მზარდი მოთხოვნით ისარგებლოს.
შვეიცარიაში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ყიდულობს კერძო ფირმას — Carmot Therapeutics Inc.-ს წინასწარ $2.7 მილიარდის ოდენობის ნაღდი ფულის გადახდით. Carmot-ის აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ $400 მილიონამდე თანხა, თუ კომპანია, წონაში კლების მედიკამენტების შემუშავებისას, გარკვეულ ეტაპებს მიაღწევს.
Carmot ამჟამად წონაში კლების სამ პოტენციურ მეთოდს იკვლევს. CT-388, რომელიც არის საინექციო პრეპარატი დიაბეტიან ან ამ დაავადების არ მქონე პაციენტების სამკურნალოდ, მეორე ფაზის კვლევას გადის. ასეთივე აბი კვლევის პირველ ფაზაშია, ხოლო მესამე, საინექციო პრეპარატი, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის არის განკუთვნილი, მეორე ფაზის კვლევას გადის.
Roche-ს მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ არსებული კლინიკური მონაცემები Carmot Therapeutics-ის აქტივებისთვის, განსაკუთრებით CT-388-ისთვის, გვიჩვენებს, რომ ამ მედიკამენტს გააჩნია პოტენციალი, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს. CT-388 მუშაობს ისევე, როგორც Eli Lilly-ის წონაში კლების პოპულარული მედიკამენტები — Mounjaro და Zepbound.
Roche-ს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა და გლობალური პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა — ლევი გერევეიმ განაცხადა, რომ Carmot-ის მედიკამენტების ფართო პროფილი მომხმარებლებს სთავაზობს მიღების სხვადასხვა გზებს. ამასთან კომპანიის პრეპარატები ქმნის შესაძლებლობებს კომბინირებული თერაპიის შემუშავებისთვის, რომელიც იწვევს წონაში კლებას და, პოტენციურად, სხვა სიმპტომებსაც მკურნალობს.
Roche-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტრანზაქცია, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ Roche-ს აქციები აშშ-ის ძირითად საფონდო ბირჟებზე არ არის ხელმისაწვდომი, ისინი ე. წ. OTC (Over-The-Counter — არასაბირჟო ბაზარი) ბაზრებზე მიმოიქცევა. კომპანიის აქციების ფასი გუშინ თითქმის 3%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის შემცირებული.