რა მოხდა?
ორშაბათს Renewable Energy Group-ის აქციების ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Chevron-ის მიერ ამ მდგრადი საწვავის მწარმოებლის შესყიდვის შეთანხმება დაიდო.
და რა?
ნაღდი ფულით შემდგარი გარიგება Renewable Energy Group-ს $3.15 მილიარდად აფასებს, რაც თითო აქციაზე $61.50-ს ნიშნავს. ეს პარასკევის ფასთან შედარებით 40.4%-იანი, ხოლო ბოლო 30 დღის საშუალო ფასთან შედარებით 57%-იანი პრემიაა.
Renewable Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სი.ჯეი. ვორნერმა პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ეს გარიგება აქციონერებს ფულად პრემიას, ხოლო კომპანიას დამატებით რესურსებს მოუტანს. მისი თქმით, Renewable Energy მიზნად ისახავს ზრდის დაჩქარებასა და კოლექტიური შესაძლებლობების გაზრდას, რათა აწარმოოს მდგრადი საწვავი, რომელიც კომპანიის მომხმარებლებსა და მსოფლიოს სჭირდება.
შერწყმა, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში, მარეგულირებელი ორგანოსა და აქციონერების დასტურის შემდეგ, დასრულდება.
ახლა რა?
ინვესტორებმა და კლიმატის აქტივისტებმა ნავთობის მსხვილ მწარმოებლებს მოუწოდეს, შეზღუდონ მათი ემისიები და სუფთა ენერგიის პროექტებში უფრო აგრესიული ინვესტიციები განახორციელონ. როგორც ჩანს, Chevron-მა ეს მოწოდებები გაითვალისწინა.
ნავთობის მწარმოებელი მიზნად ისახავს, ათწლეულის ბოლომდე დღეში 100 000 ბარელი განახლებადი საწვავის წარმოებას. Renewable Energy-ის შესყიდვა მას ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს. ეს ორი კომპანია შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს. Renewable Energy-ის გამოცდილება ნედლეულის მრეწველობაში, Chevron-ის მასიურ საწარმოო და სადისტრიბუციო ქსელს კარგად შეესაბამება.
Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაიკ ვირთმა განაცხადა, რომ Renewable Energy Group განახლებადი საწვავის ინდუსტრიის დამფუძნებელი და მას შემდეგ ამ სფეროში წამყვანი ნოვატორია. მან ასევე დასძინა, რომ ამ ორ კომპანიას ერთად უფრო სწრაფად და ეფექტურად შეუძლია გაიზარდოს, ვიდრე თითოეულს დამოუკიდებლად.