ბევრ პროფესიონალ ფსიქოლოგს აქვს აღწერილი ფსიქოლოგიური ან ქცევითი ხაფანგები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრების არასწორი მიმართულებით წარმართვისკენ უბიძგებს. საკმაოდ ხშირად, დისფუნქციური ფსიქოლოგიის ზოგიერთი კლასიკური ფორმა პირდაპირ გამოიხატება საინვესტიციო ქცევაში.
დღევანდელი სტატიის თემას სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს. ჩვენ გადავხედავთ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ ხაფანგებს, რომელთა მსხვერპლნიც შეიძლება ინვესტორები გახდნენ.
ფიქსაციის ხაფანგი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ე. წ. ფიქსაციის ხაფანგი, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარ პირვანდელ მოსაზრებაზე ზედმეტ დამოკიდებულებას გულისხმობს.
მაგალითად, თუ რომელიმე კომპანიას წარმატებულად თვლით, შეიძლება ძალიან დარწმუნებული იყოთ, რომ მის აქციებში ინვესტირება კარგი იდეაა. ეს წინასწარ შექმნილი წარმოდგენა კი შეიძლება სრულიად არასწორი იყოს კონკრეტულ სიტუაციაში.
იმისათვის, რომ ამ ხაფანგს თავი აარიდოთ, აზროვნებაში მოქნილობაზე უნდა ორიენტირდეთ, ამასთან ღია უნდა იყოთ ახალი ინფორმაციის მიმართ და გააცნობიეროთ, რომ გარკვეულ მომენტში ნებისმიერი კომპანია შეიძლება ფსკერისკენ წავიდეს.
დაკარგული ხარჯების ხაფანგი
ასევე ძალიან საშიშია დაკარგული ხარჯების ხაფანგი. ეს ეხება ფსიქოლოგიურად (მაგრამ არა რეალურად) თქვენი წინა არასწორი არჩევანის ან გადაწყვეტილებების დაცვას, რაც ხშირად დამღუპველია თქვენი ინვესტიციებისთვის. ნამდვილად ძნელია ზარალის მიღება და/ან იმის აღიარება, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ, მაგრამ თუ თქვენმა ინვესტიციამ არ გაამართლა, უმჯობესია, ეს მალე აღიაროთ.
ბევრად უკეთესია, არ ჩაებღაუჭოთ დაკარგულ ხარჯებს და ორიენტირდეთ აქტივთა სხვა კლასებზე, რომლებიც სწრაფად იზრდება. ცუდი ინვესტიციებისადმი ემოციური ვალდებულება სიტუაციას აუარესებს.
დადასტურების ხაფანგი
დადასტურების ხაფანგი არის კოგნიტური მიკერძოება, რომლის დროსაც ინვესტორები ეძებენ თავიანთი შეხედულებების დამადასტურებელ ინფორმაციას, ხოლო უგულებელყოფენ ფაქტებს, რომლებიც ამ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.
დარწმუნდით, რომ მიიღებთ ობიექტურ რჩევებს ახალი წყაროებიდან და არა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც თავიდანვე ცუდი რჩევა მოგცეს. თუ ასეთ რამეს ამბობთ: „ჩვენი აქციების ფასი 30%-ით შემცირდა, მაგრამ სჯობს ისინი შევინარჩუნოთ, არა?“, მაშინ თქვენ ეძებთ დადასტურებას სხვა ინვესტორისგან, რომელიც იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა. თქვენ შეგიძლიათ მოკლევადიან პერსპექტივაში დაამშვიდოთ ერთმანეთი, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა.
სიბრმავის ხაფანგი
სიტუაციურმა სიბრმავემ შეიძლება თქვენი მდგომარეობა გააუარესოს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც სხვებისგან დადასტურებას არ ეძებენ, ხშირად უბრალოდ თავს არიდებენ ბაზარზე გაბატონებულ რეალობას, რათა არაფერი გააკეთონ და გადადონ ის საზარელი დღე, როდესაც ზარალს თვალი უნდა გაუსწორონ.
თუ გულის სიღრმეში იცით, რომ თქვენს ინვესტიციებს რაღაც პრობლემები აქვს — მაგალითად, კომპანიაში დიდი სკანდალია — მაგრამ სიახლეებს თავს არიდებთ, მაშინ, ალბათ, სწორედ ამ ხაფანგში ხართ.
ირაციონალური ენთუზიაზმის ხაფანგი
ამ ხაფანგთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ინვესტორები იჯერებენ, რომ წარსული უდრის მომავალს და ისინი ისე იქცევიან, თითქოს ბაზარზე გაურკვევლობა არ არსებობს. სამწუხაროდ, გაურკვევლობა არასოდეს ქრება.
ყოველთვის იარსებებს აღმავლობისა და ვარდნის პერიოდები, ეკონომიკური ბუშტები, დანაკარგები ინდუსტრიის მასშტაბით, პანიკური გაყიდვები და სხვა მოულოდნელი მოვლენები. ფიქრი, რომ წარსული წინასწარმეტყველებს მომავალს, ზედმეტი თავდაჯერებულობის ნიშანია. როდესაც ინვესტორების საკმარისი რაოდენობა ზედმეტად თავდაჯერებული ხდება, საქმე გვაქვს ამერიკელი ეკონომისტის — ალან გრინსპენის „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენთან. ამ დროს ინვესტორები ზედმეტ თავდაჯერებულობას მიჰყავს სიხარბემდე, შედეგად ბაზარი იზრდება იქამდე, რომ უზარმაზარი კორექტირება გარდაუვალი ხდება. ინვესტორები, რომლებიც ამ მოვლენის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან არიან ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზრის ზრდა სამუდამოდ გაგრძელდება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.