გუშინ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ივლისში შეერთებულ შტატებში ფასების ზრდა შემცირდა. ინდექსი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფასების თვიურმა ზრდამ 0.1% შეადგინა. ეს ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე — ანალიტიკოსების პროგნოზები.
შედარებისთვის, ივნისში PPI ინდექსის მიხედვით გაზომილი ფასები წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურად — 0.2%-ით.
ფასების ნელი ზრდა აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო ბანკს (Fed) კიდევ უფრო მეტ მიზეზს აძლევს სექტემბერში საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, რასაც მოუთმენლად ელიან ბაზრის მონაწილეები.
„ასაფრენი ბილიკი ცარიელია Fed-ის მიერ სექტემბერში განაკვეთების შემცირებისთვის. თუ მსგავსი მონაცემები შენარჩუნდება, ფედერალურ რეზერვს ექნება დიდი სივრცე მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირებისთვის“ — განაცხადა ჯეიმს კოქსმა, ფინანსური სერვისების კომპანია Harris Financial Group-ის მმართველმა პარტნიორმა შარლოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში.
ეკონომისტები PPI-ის უყურებენ, როგორც სამომხმარებლო ინფლაციის მომავალი ტენდენციების ინდიკატორს, რადგან ფასების ზრდა საბითუმო დონეზე ხშირად გადაეცემა მყიდველებს. PPI-ის ელემენტები ასევე გამოიყენება პირადი მოხმარების ხარჯების (PCE) ინდექსის გამოსათვლელად, რომელიც ინფლაციის გასაზომად Fed-ისთვის უპირატეს საზომს წარმოადგენს.
„PPI-ის კატეგორიები, რომლებიც PCE-ში გამოიყენება, გაუმჯობესებას აჩვენებს“ — წერს აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიის, KPMG-ის მაკროეკონომისტი — მეგან მარტინ-შონბერგერი X-ზე. ის მიუთითებს ავიაბილეთების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ავტოდაზღვევის ფასების გაუმჯობესებაზე.
ეკონომისტების თქმით, გუშინდელი ანგარიში, სავარაუდოდ, Fed-ის ოფიციალურ პირებს უფრო მეტად დაარწმუნებს, რომ ინფლაცია წლიური სამიზნე 2%-იანი მაჩვენებლისკენ მიემართება.
„მწარმოებლების ფასების მოსალოდნელზე რბილი ზრდა ადასტურებს ფასების ზეწოლის დაცემას, რაც ხელს შეუწყობს PCE ინფლაციის მოთვინიერებას 2024 წლის მეორე ნახევარში“ — წერს Nationwide Financial Markets-ის ეკონომისტი, ორენ კლაჩკინი. „უკეთესი ბალანსი პროდუქტისა და შრომის ბაზრებზე შეამსუბუქებს ინფლაციას და სექტემბრიდან Fed-ს განაკვეთების შემცირების გზაზე დააყენებს“.
Fed-ის ოფიციალური პირის განცხადება
ატლანტას ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა — რაფაელ ბოსტიჩმა კი სამშაბათს განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოსალოდნელია, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენად მოხდება ეს სექტემბერში.
ბოსტიჩის თქმით, ბოლო ოთხი თვის მონაცემებმა მას აჩვენა, რომ საფასო ზეწოლა მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა მას სურს, საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილების მიღებამდე, ცოტა მეტი ეკონომიკური მონაცემი ნახოს.
„ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს ტენდენცია რეალურია“ — განაცხადა რაფაელ ბოსტიჩმა.