რა მოხდა?
მას შემდეგ, რაც ელექტრო სატვირთო მანქანების მწარმოებლის — Nikola-სა და წყალბადის მწარმოებელი კომპანიის — Plug Power-ის პარტნიორობის შესახებ გახდა ცნობილი, პირველი მათგანის აქციების ფასი თითქმის 14%-ით გაიზარდა, ხოლო მეორის — დაახლოებით 3%-ით შემცირდა.
და რა?
ხუთშაბათს Nikola-სა და Plug Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას წყალბადის საწვავის გამოყენების გაფართოების მიზნით. ეს გარიგება ორივესთვის სასარგებლოა, რადგან Nikola ბატარეაზე და წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანებს აწარმოებს, ხოლო Plug Power წყალბადის მზარდი მწარმოებელია. თუმცა კომპანიები გარკვეულწილად კონკურენტებიც არიან, რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ იმოძრავა მათი აქციების ფასებმა საპირისპირო მიმართულებებით.
ახლა რა?
შეთანხმება მოითხოვს, რომ Plug Power-მა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ნიკოლას 75 FCEV (საწვავის უჯრედის (მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას წყაროს საწვავსა და ოქსიდანტს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად აწარმოებს) ელექტრო მანქანა) უნდა შეიძინოს.
Plug Power თავის FCEV-ებს გამოიყენებს, რათა მწვანე წყალბადი (წყალბადი, რომელიც, განახლებადი ენერგიის გამოყენებით, წყლის წყალბადად და ჟანგბადად დაყოფით მიიღება) თავისი ჩრდილოეთ ამერიკის წარმოების ობიექტებიდან მომხმარებლებს მიაწოდოს. Plug ასევე უზრუნველყოფს Nikola-ს გათხევადების სისტემებით არიზონაში და მიაწვდის მას დღეში 100 ტონა წყალბადს საწვავის სადგურებზე ამ უკანასკნელის FCEV ფლოტის მხარდასაჭერად.
ეს გარიგება ალბათ უფრო მეტს ნიშნავს Nikola-სთვის, მით უმეტეს, რომ კომპანია გაცილებით მცირეა. მისი საბაზრო კაპიტალი $1 მილიარდზე დაბალია, ხოლო Plug Power $8,4 მილიარდად არის შეფასებული. გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული პარტნიორობა ორივეს სარგებელს მოუტანს.