გუშინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) Sony-ის აქციების ფასმა 4%-ზე მეტით დაიკლო მას შემდეგ, რაც ცნობილი იაპონური კომპანიის მენეჯმენტმა PlayStation 5 კონსოლის გაყიდვების პროგნოზი შეამცირა და განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია ფინანსური სერვისების განყოფილების IPO (აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება).
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Sony-მ ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ამ პერიოდში PlayStation 5 კონსოლის გაყიდვებმა 8.2 მილიონ ერთეულს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იყო, ის მაინც ჩამორჩებოდა კომპანიის მიზნებს. გარდა ამისა, Sony-ის მენეჯმენტმა მთელი წლისთვის კონსოლის გაყიდვების პროგნოზი 25 მილიონიდან 21 მილიონ ერთეულამდე შეამცირა.
Sony-ის კვარტალურმა შემოსავალმა $24.88 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.36 მილიარდი), ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $1.96. ამ უკანასკნელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.73-ს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ Sony მომავალ ფისკალურ წელს კონსოლისთვის არსებული ძირითადი ფრენჩაიზებიდან არცერთის ახალ ვერსიას არ გამოუშვებს. თუმცა გავრცელდა ცნობები, რომ, შესაძლოა, Microsoft-მა Xbox-ის ექსკლუზიური თამაშები PlayStation 5-ისა და Nintendo Switch-ისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს შეიძლება Sony-ს კონსოლის მფლობელებისგან მეტი შემოსავლის მიღებაში დაეხმაროს, მაგრამ სიახლე PlayStation 5-ის შესაძენად ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, სავარაუდოდ, დიდ როლს ვერ ითამაშებს.
ეს ცუდი ამბავია Sony-სთვის, რადგან PlayStation 5-ის მომგებიანობა იკლებს. მესამე კვარტალში Sony-ს Game & Network Services სეგმენტში გაყიდვები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვების მატებამ. თუმცა საოპერაციო შემოსავალი 26%-ით შემცირდა, რადგან PlayStation 5-ის რეკლამირება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
Sony-ის კვარტალურ ანგარიშში ნათელი წერტილი იყო მისი ფინანსური სერვისების განყოფილების სიძლიერე და პროგნოზირებულია, რომ მისი მთელი წლის შემოსავალი 7%-ით გაუმჯობესდება. ნაწილობრივი სპინოფისთვის მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ, იაპონური კომპანია მიზნად ისახავს, 2025 წლის ოქტომბერში ფინანსური სერვისების განყოფილების აქციები საფონდო ბირჟაზე გამოუშვას.
მესამე კვარტალში Sony-ის მუსიკალური სეგმენტის გაყიდვები წლიურად 16%-ით გაუმჯობესდა. მაღალი ზრდა დაფიქსირდა სტრიმინგის შემოსავალშიც, რომელსაც ხელი შეუწყო კომპანიის სადღესასწაულო მუსიკის კატალოგმა, მათ შორის 29 წლის Mariah Carey-ის საშობაო ალბომმა.
კომპანიის კინოს სეგმენტის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, თუმცა Sony-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მწერლების შარშანდელი გაფიცვების გავლენა კვლავ აჭიანურებს ზოგიერთ კინოპროდუქციას. შედეგად, კომპანიაში მოელიან, რომ ეს შეფერხება მიმდინარე ფისკალურ წელს Sony-ის $133 მილიონი დაუჯდება.
თუმცა ანიმე სტრიმინგ პლატფორმა — Crunchyroll ზრდას განაგრძობს. მისი გადამხდელი გამომწერების რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა. Sony კი გეგმავს ამ მიმართულების გაფართოებას ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
Sony-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.