გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე მას შემდეგ, რაც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის მომავლის პერსპექტივების შესახებ დადებითი კომენტარები გააკეთეს. მათ განაცხადეს, რომ მოთხოვნამ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) და გრაფიკული დამუშავების ერთეულების (GPU) გაუმჯობესებულმა მიწოდებამ, შესაძლოა, ბაზარზე ჩიპების მწარმოებლის პოზიცია გააუმჯობესოს.
Goldman Sachs-მა Nvidia-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $625-დან $800-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ფისკალური 2025-2026 წლებისთვის Nvidia-ს კორექტირებული EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) პროგნოზები საშუალოდ 22%-ით გაზარდეს, რათა მოლოდინი უკეთ ასახავდეს ინდუსტრიის ბოლო მონაცემებს AI-ზე ძლიერ მოთხოვნასთან და GPU-ების მიწოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ აღარ ვვარაუდობთ მონაცემთა ცენტრის შემოსავლის შემცირებას კალენდარული 2024 წლის მეორე ნაწილში. ამის ნაცვლად ვპროგნოზირებთ თანმიმდევრულ ზრდას 2025 წლის პირველი ნახევრიდან, რომელიც გამოწვეული იქნება ქლაუდ სერვისების დიდი პროვაიდერების მიერ Gen AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაწეული უწყვეტი ხარჯებით, მომხმარებელთა პროფილების გაფართოებით და კომპანიის ახალი პროდუქტებით“ — ნათქვამია Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების განცხადებაში.
საინვესტიციო ბანკში დარწმუნებულნი არიან, რომ დაჩქარებული ქლაუდ გამოთვლებისთვის მოთხოვნის ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდება.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ისიც განაცხადეს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა ადრეულ ეტაპებზე რჩება და Nvidia ბაზარზე მყარად არის პოზიციონირებული დივერსიფიცირებული პორტფელით.
ფინანსური მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის — FactSet-ის პროგნოზით, Nvidia და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან, Amazon, Meta Platforms და Alphabet, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში S&P 500-ის წარმადობის გაუმჯობესებას გამოიწვევენ.
აღსანიშნავია, რომ ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი პარასკევსაც დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი იყო Meta-სა და Amazon-ის ძლიერი კვარტალური შედეგები, ისევე როგორც მათი წარმომადგენლების კომენტარები ხელოვნური ინტელექტის შესახებ. Meta-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია წელს თავისი შემდეგი დიდი ენობრივი მოდელის — Llama 3-ის გამოშვებას გეგმავს. კომპანია აქტიურად ყიდულობს Nvidia-ს ახალ GPU-ებს და მმართველი გუნდი ამბობს, რომ 350,000 H100-ის შეძენას გეგმავს.
ამავდროულად, Amazon-ში განაცხადეს, რომ კომპანია გვთავაზობს გამოთვლითი ნიმუშების ყველაზე ფართო კოლექციას Nvidia-ს ჩიპების საშუალებით.
თავად ჩიპების მწარმოებელი კი მეოთხე კვარტლის ანგარიშს 21 თებერვალს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი წლიურად 209%-ით — $18.7 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS $4.17-ს შეადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $693.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $682.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.