გუშინ ჩიპების მწარმოებელი ლიდერის — Nvidia-ს აქციების ფასი მცირედით, 0.6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ წარადგინა თავისი უახლესი და ყველაზე ძლიერი გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU) — H200, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების გასაძლიერებლად, რადგან AI-სადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება.
Nvidia-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ H200 არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი, ამავდროულად ძალიან სწრაფი და დიდი მეხსიერების მქონე GPU, რომელიც გენერაციული AI-ს და დიდი ენობრივი მოდელების განვითარების აჩქარებას შეუწყობს ხელს.
H200 არის Nvidia-ს H100 GPU-ს განახლებული ვერსია, რომელიც ამუშავებს წამყვან გენერაციულ AI ტექნოლოგიას, მათ შორის Microsoft-ისა და OpenAI-ის თანამშრომლობით განვითარებულ ChatGPT-ს.
Nvidia-ს მენეჯმენტის განცხადებით, H200, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის მეორე კვარტალში, თავსებადია წინა მოდელის გამოყენებით მომუშავე სისტემების მოწყობილობებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც უკვე იყენებენ Nvidia ტექნოლოგიას, შეუძლიათ უახლეს GPU-ზე შეუფერხებლად გადავიდნენ.
H200 ასევე ხელმისაწვდომია Nvidia-ს GH200 Grace Hopper Superchip-ში, რომელიც, კომპანიის მენეჯმენტის თქმით, გლობალურად 40-ზე მეტ AI სუპერკომპიუტერს ამუშავებს და გამოყენებული იქნება ისეთი კომპანიების მიერ, როგორიცაა Dell და Lenovo.
Bank of America-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საწარმოების გენერაციულმა AI-მ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს Nvidia-ს მომგებიანობაში. აღსანიშნავია, რომ ჩიპების მწარმოებელი კვარტალურ ანგარიშს 21 ნოემბერს წარადგენს.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $486.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $647.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.