Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა — Nvidia-მ, აშშ-ის მთავრობის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, $5 მილიარდი დაკარგოს.
გუშინ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 185%-ით არის გაუმჯობესებული.
როდის მოხდება ეს?
როგორც WSJ განმარტავს, Nvidia-მ უკვე დაასრულა ჩინეთში 2023 წლისთვის დაგეგმილი ნახევარგამტარული ჩიპების მიწოდების პროცესი. აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინეთში ტექნოლოგიური ექსპორტის ახალი შეზღუდვები კი ძალაში ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შესულიყო. სწორედ ამიტომ, Nvidia-მ 2024 წელს დაგეგმილი ექსპორტის განხორციელება, რომელიც $5 მილიარდის ღირებულების ჩიპების ჩინეთში გადატანას გულისხმობს, ამ ვადის დადგომამდე გადაწყვიტა. კომპანიამ ჩიპები უნდა მიაწოდოს AI მომხმარებლებს, მათ შორის TikTok მფლობელ Bytedance-ს, Baidu.com-სა და Alibaba Group-ს.
თუმცა აშშ-ის მთავრობამ გასულ კვირას Nvidia-ს აცნობა, რომ ახალი რეგულაციები რეალურად დაუყოვნებლივ მოქმედებს და, შესაბამისად, $5 მილიარდის ღირებულებიც ჩიპების გადაზიდვა შეუძლებელია კომერციის დეპარტამენტის წინასწარი ნებართვის გარეშე.
რამდენად ცუდია ეს Nvidia-სთვის?
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მომავალ წელს Nvidia-ს შემოსავალი $54 მილიარდს შეადგენს და $5 მილიარდი ამ მაჩვენებლის 9%-ს აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩიპების მწარმოებელი კომპანიისთვის ეს ექსპორტი მნიშვნელოვანია.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი შედეგი შეიძლება ბევრად უარესი იყოს. თუ Nvidia-ს აქვს ჩიპები და ჩინეთს სურს მათი ყიდვა, მაგრამ კომპანიას არ შეუძლია ამ ქვეყანაში პროდუქციის გადაზიდვა, მაშინ ჩინეთი შეეცდება, ჩიპები სხვა კომპანიებისგან შეიძინოს ან ამ მიმართულებით ადგილობრივ წარმოებაში ჩადოს ინვესტიციები. ალტერნატივა იქნება ის, რომ ჩინეთმა საერთოდ უარი თქვას მიზანზე, გახდეს ლიდერი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ Nvidia-ს ახლა არ მიეცემა საშუალება, დაიკავოს ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ბაზრის ნაწილი, ის, შესაძლოა, კომპანიისთვის აღარ იყოს ხელმისაწვდომი მაშინ, როდესაც საექსპორტო შეზღუდვები საბოლოოდ მოიხსნება.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $413.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $645.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 57%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.