გუშინ ჯანდაცვის დანიური კომპანიისთვის — Novo Nordisk-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. გამოქვეყნდა კვლევა, რომ დიაბეტის სამკურნალო და წონაში კლების მედიკამენტი — Wegovy გულის შეტევის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკების შემცირებას უწყობს ხელს.
დანიური კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, Wegovy-ის აქტიურმა ინგრედიენტმა, semaglutide-მა, მესამე ფაზის კვლევაში აჩვენა, რომ ძირითად გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკს 20%-ით ამცირებს. Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა ასევე დასძინეს, რომ რისკის შემცირება დაფიქსირდა თანმიმდევრულად ასაკის, სქესის, ეთნიკურობისა და საწყისი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მიხედვით.
Novo Nordisk-მა ეს დასკვნები გამოაქვეყნა American Heart Association-ის (ამერიკის გულის ასოციაციის) ყოველწლიურ სამეცნიერო სესიებზე ფილადელფიაში და ასევე New England Journal of Medicine-ში.
Novo Nordisk-მა აღნიშნა, რომ პაციენტებში დადებითი შედეგები მედიკამენტის მიღებიდან მალევე დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეფექტი მოსალოდნელზე სწრაფი იყო.
მარტინ ლანგემ, აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და Novo Nordisk-ის განვითარების ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს შედეგები კომპანიისთვის გადამწყვეტ წერტილს წარმოადგენს.
Novo Nordisk-ის მენეჯმენტმა განმარტა, რომ კომპანიამ შეიტანა განაცხადი აშშ-სა და ევროკავშირში (EU) ეტიკეტის განახლების თაობაზე, რათა Wegovy გულ-სისხლძარღვთა არასასურველი მოვლენების რისკის შესამცირებლადაც იქნეს გამოყენებული.
Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასები ერთმანეთს ემთხვევა და $110.00-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს.