მეოთხე კვარტალში Netflix-მა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებებს მნიშვნელოვნად აჯობა და 13.1 მილიონი ახალი გამომწერი შეიძინა, შემოსავალი კი წლიურად 12.5%-ით გაიზარდა. ეს კომპანიისთვის საუკეთესო მეოთხე კვარტალი იყო.
იმის ფონზე, რომ ინვესტორები ამ ტოპ სტრიმინგ კომპანიის აქციების ყიდვას განაგრძობენ — ამ მაჩვენებელმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 55%-ით მოიმატა — სასარგებლო იქნება, განვიხილოთ ბოლო წლებში მენეჯმენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი სტრატეგიული ცვლილება.
კურსის ცვლილება
ოთხი წლის წინ, Netflix-ის თანადამფუძნებელმა და მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა — რიდ ჰასტინგსმა 2019 წლის მეოთხე კვარტალში ფინანსური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ Netflix თავის პლატფორმაზე რეკლამების გაყიდვას არ აპირებდა. თუმცა მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
Netflix-მა თავისი იაფი, რეკლამებზე დაფუძნებული სერვისი 1 წელზე მეტი ხნის წინ გამოუშვა და ჯერჯერობით ის შესანიშნავად იზრდება. „გასულ მეოთხედში კომპანიამ 70%-იანი კვარტალური ზრდა დააფიქსირა“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ პიტერსმა 2023 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას.
პლატფორმაზე რეკლამების დანერგვასთან დაკავშირებული ეჭვები გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ ეს მომხმარებლების გამოცდილებას გააფუჭებდა. თუმცა დღესდღეობით ამ სერვისის მომხმარებლები მათ მიერ გადახდილი ფულით აჩვენებენ, რომ იაფი ვარიანტის არსებობას აფასებენ. გარდა ამისა, Netflix-ის მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით (ჩინეთისა და რუსეთის გამოკლებით) კომპანიას რეკლამებიდან $180 მილიარდის გამომუშავების პოტენციალი გააჩნია.
გარდა ამისა, დიდი ხნის განმავლობაში, Netflix-ის მენეჯმენტს ჰქონდა მშვიდი მიდგომა იმ ანგარიშების მიმართ, რომლებსაც, მომხმარებლებს შორის პაროლების გაზიარების პრაქტიკის წყალობით, რამდენიმე ადამიანი იყენებდა. შესაძლოა, კომპანიაში ამ სტრატეგიას განიხილავდნენ, როგორც მარკეტინგის საშუალებას. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ადამიანები დაინახავდნენ, რამდენად კარგია Netflix-ის კონტენტი, ისინი საკუთარი ანგარიშების გახსნასაც მოინდომებდნენ.
მაგრამ კომპანიამ პაროლების გაზიარების პრობლემის გადასაჭრელად გასული წლის გაზაფხულზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ერთი ანგარიშის დამატებითი მომხმარებლებისთვის დამატებითი გადასახადი დააწესა. აღმასრულებლები დარწმუნებულნი არიან ამ პოლიტიკის უნარში, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვიოს შემოსავლის ზრდა და დაეხმაროს Netflix-ს პოტენციური ბაზრის უკეთ ათვისებაში.
შესაძლოა, ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებიდან ყველაზე დიდი არის Netflix-ის ბოლოდროინდელი პარტნიორობა TKO Group-თან, რომლის შედეგადაც მომავალი წლიდან სტრიმინგ კომპანიას დაემატება WWE-ის ლაივ ჭიდაობის კონტენტი და სხვა შოუები. ეს 10 წლიანი გარიგება Netflix-ს $5 მილიარდი დაუჯდება. კომპანია წელს კონტენტზე მთლიანობაში $17 მილიარდის დახარჯვას გეგმავს და WWE-სთან პარტნიორობა 2024 წლის დანახარჯების 12%-ში იქნება გათვალისწინებული.
„მე არ განვიხილავ ამ ნაბიჯს, როგორც ჩვენს სპორტულ სტრატეგიაში რაიმე სახის ცვლილების სიგნალს. თუმცა დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ძირითადი სპორტული ლიგები Netflix-ის გეგმებში“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა — ტედ სარანდოსმა.
რა უნდა ესმოდეთ ინვესტორებს?
Netflix ჯერ კიდევ სტრიმინგისა და თამაშების კომპანიაა და ცვლილებები, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი შეინარჩუნოს დომინანტური პოზიცია ინდუსტრიაში.
მოსალოდნელია, რომ ცვლილებები გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს მენეჯმენტი. Netflix-ის ევოლუციის მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ აღმასრულებლები ყოველთვის ეძებენ გზებს, მიაღწიონ ზრდას და მომხმარებლებს უკეთ მოემსახურონ, რაც, როგორც ჩანს, მათი მთავარი მიზანია. ეს სულაც არ არის ცუდი.
შესაბამისად, დღეიდან 10 წლის შემდეგ შეიძლება Netflix საკმაოდ განსხვავდებოდეს იმისგან, რაც კომპანია დღეს არის.
შესაძლოა, მომავალში უფრო მეტი სტრატეგიული ცვლილება ვიხილოთ. აქციონერები ყოველთვის ღია უნდა იყვნენ ასეთი ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ინტერნეტზე დაფუძნებულ ისეთ ბიზნესებს, როგორიც არის Netflix. შესაბამისად, წარმატებული ადაპტაციის უნარი არის ძირითადი მახასიათებელი, რომელსაც ხარისხიანი კომპანიები ფლობენ.
ანალიტიკოსების შეფასებები
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $576.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $573.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 40 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.