გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. მატება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ახალი ხელოვნური ინტელექტის (AI) გუნდის ხელმძღვანელად სემ ალტმანი დაიქირავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სემი ChatGPT-ის მწარმოებლის — OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამასთან, OpenAI-ის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის მენეჯმენტს დაემუქრნენ და განაცხადეს, რომ კომპანიას დატოვებენ და ყოფილ უფროსს — სემ ალტმანს Microsoft-ში შეუერთდებიან.
Microsoft-მა მილიარდობით დოლარი ჩადო OpenAI-ში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ბუმის ფონზე, რაც AI სივრცეში კომპანიის პოზიციებს აძლიერებს.
ორშაბათის მდგომარეობით Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.81 ტრილიონს მიაღწია, რაც კომპანიას აშშ-ში ამ მაჩვენებლის მიხედვით სიდიდით მეორე კომპანიად აქცევს Apple-ის შემდეგ. ამ უკანასკნელის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.98 ტრილიონს შეადგენს.
მიმდინარე თვეში Microsoft-ისთვის ეს უკვე მეორე რეკორდული მაქსიმუმია. პირველ უმაღლეს ნიშნულს კომპანიის აქციებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმის ფონზე, ახალი AI ჩიპის და Copilot მახასიათებლების წარდგენის შემდეგ მიაღწია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ OpenAI-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა თავისი უახლესი AI მოდელი — GPT-4 Turbo.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $370.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $408.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.