გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ტექნოლოგიურმა გიგანტმა — Microsoft-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, მას შემდეგ კი კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 38%-ით არის გაუმჯობესებული.
ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალი წლიდან წლამდე 13%-ით გაიზარდა და $56.5 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $54.53 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი 27%-ით — $22.3 მილიარდამდე მოიმატა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.99 იყო (პროგნოზი — $2.65).
Microsoft-ის ქლაუდ ბიზნესის — Azure-ის გაყიდვები წლიდან წლამდე 29%-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — 26%-იან მატებას. Microsoft-ის მენეჯმენტის თქმით, ეს ნახტომი გამოწვეული იყო კომპანიის მოხმარებაზე დაფუძნებული სერვისებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სეგმენტმა ზრდა დააფიქსირა.
მენეჯმენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი Azure-ის გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ, რადგან მოელის, რომ ამ მიმართულებით შემოსავალი ზრდას ფისკალური წლის დარჩენილ პერიოდშიც განაგრძობს.
გასულ წელს Microsoft-მა სწრაფად და გაბედულად გადაიტანა აქცენტი AI-ზე დაფუძნებული შეთავაზებების მრავალფეროვნებაზე. 2023 წლის იანვარში კომპანიის მენეჯმენტმა $10 მილიარდის ოდენობით ინვესტიცია დააანონსა OpenAI-ში, პოპულარული ChatGPT-ის შემქმნელში.
ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი Microsoft-მა წარმოადგინა თავისი Bing საძიებო სისტემისა და Edge ბრაუზერის ახალი ვერსიები, რომლებიც ახლა უკვე AI-ით არის აღჭურვილი. მას შემდეგ კომპანიამ გამოუშვა AI-ზე დაფუძნებული აპლიკაციები, რომლებიც მის სხვა პროდუქტებსაც უჭერს მხარს.
გარდა ამისა, Microsoft-ის მომავალ ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ვიდეო თამაშების მწარმოებლის — Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შეძენა. ეს გარიგება ამ თვის დასაწყისში დაიხურა მარეგულირებლების მიერ ორწლიანი განხილვის შემდეგ.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $341.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $401.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $298.10-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.