გუშინ Meta Platforms-ის Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის სისტემებს პრობლემები შეექმნა — ასიათასობით მომხმარებელმა დააფიქსირა, რომ გარკვეული დროით სოციალური მედიის ამ პლატფორმებზე წვდომა დაკარგა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემები Google-ის Youtube-საც ჰქონდა.
Meta-ს კომუნიკაციების დირექტორმა — ენდი სტოუნმა X პლატფორმაზე (ადრე ცნობილი, როგორც Twitter) გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტები დროებით მიუწვდომელი იყო. ვებგვერდის — DownDetector-ის თანახმად, Meta-ს პროდუქტებზე (Facebook, Messenger, Instagram და Threads) წვდომის პრობლემა 600,000-ზე მეტმა მომხმარებელმა დააფიქსირა.
„დღეს, ტექნიკური პრობლემის გამო, მომხმარებლებს ჩვენს ზოგიერთ სერვისზე წვდომა შეეზღუდათ. საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადავჭერით და ბოდიშს გიხდით ნებისმიერი უხერხულობისთვის“ — განაცხადა ენდიმ შემდგომ პოსტში.
პირველადი არჩევნების შესახებ პრესრელიზში, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სააგენტო ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ არ იცის, აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი არჩევნებთან ან კონკრეტულ მავნე კიბერ აქტივობასთან.
Alphabet-ის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მომხმარებლებს პრობლემები YouTube-თან დაკავშირებითაც შეექმნათ და განაცხადეს, რომ საკითხის გადაჭრაზე მუშაობენ.
გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, Meta Platforms-ის აქციების ფასი 1.6%-ით შემცირდა, ხოლო Alphabet-ის — 0.5%-ით.
ანალიტიკოსების შეფასებები
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $490.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $528.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $575.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $133.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $164.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $141.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.