გუშინ, ბაზრის გახსნამდე, McDonald’s-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. შედეგები საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, სწრაფი კვების გიგანტის აქციების ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში McDonald’s-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — $6.41 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $6.45 მილიარდი). განზავებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $2.95 შეადგინა (პროგნოზი — $2.83).
ინვესტორების შეშფოთების მიზეზი გამოწვეული იყო ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებული ბოიკოტების ზეგავლენით გაყიდვებზე. კომპანიის საერთაშორისო განვითარების ლიცენზირებული (IDL) ბაზრების სეგმენტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ფრენჩაიზებს მოიცავს, ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 0.7%-იანი ზრდა დააფიქსირა.
McDonald’s-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — იან ბორდენმა განაცხადა, რომ ომმა კომპანიის IDL სეგმენტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში McDonald’s-ის წინააღმდეგ ბოიკოტი გამოიწვია იმან, რომ ისრაელში კომპანიის ფრენჩაიზმა ქვეყნის ჯარისკაცებზე საკვების ფასდაკლებებით ან უფასოდ გაცემა დაიწყო საომარი მოქმედებების შემდეგ. ამან ფართო რეგიონში რამდენიმე სხვა ფრენჩაიზის წარმომადგენლებს უბიძგა, გამოექვეყნებინათ განცხადებები ამ ქმედებისგან დისტანცირების შესახებ.
იანვრის დასაწყისში, McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კრის კემპჩინსკიმ, LinkedIn-ში გამოქვეყნებულ წერილში, ახლო აღმოსავლეთში კომპანიის ბიზნესის დაზარალება დეზინფორმაციას მიაწერა, ხოლო ბოიკოტს სამარცხვინო და დაუსაბუთებელი უწოდა.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტებისგან ყველაზე გამოხატული გავლენა ახლო აღმოსავლეთში აღინიშნება, ნეგატიური ზემოქმედება ფიქსირდება სხვა მუსლიმანურ ქვეყნებშიც, როგორებიც არის მალაიზია და ინდონეზია. მან დასძინა: „სანამ ომი გრძელდება, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ მოველით“.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპერატორები მთლიანობაში მაკდონალდს არ წარმოადგენს, ზოგიერთი მომხმარებლისთვის მათ შორის განსხვავება არ არსებობს.
რაც შეეხება სრულ წელიწადს, 2023 წელს McDonald’s-მა ისარგებლა გლობალური მასშტაბით ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების 9%-იანი ზრდით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ასეთი დიდი და ჩამოყალიბებული კომპანიისთვის. გაყიდვების ამ ძლიერმა მაჩვენებლებმა ასევე არსებითად გაზარდა McDonald’s-ის მომგებიანობა. გასულ წელს კომპანიის განზავებული EPS 39%-ით გაუმჯობესდა და რეკორდულ მაქსიმუმს — $11.56-ს მიაღწია.
ანალიტიკოსების შეფასებები
McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $286.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $324.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $383.00-ს, ხოლო მინიმალური — $300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McDonald’s-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.