ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Lululemon Athletica-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სპორტული ტანსაცმლის საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Lululemon-ის შემოსავალმა $2.2 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.19 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თით აქციაზე) — $2.53 (პროგნოზი — $2.28). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით გამოთვლილი EPS $1.96 იყო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.33-ით ჩამორჩა.
Lululemon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კალვინ მაკდონალდმა თქვა, რომ წლევანდელი შავი პარასკევი იყო ყველაზე დიდი გაყიდვების დღე კომპანიის ისტორიაში და მენეჯმენტი კმაყოფილი იყო იმ ტენდენციებით, რომლებიც სადღესასწაულო სეზონის დასაწყისში იხილა. თუმცა, მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა (CFO) მეგან ფრანკმა დასძინა, რომ Lululemon-ს კვლავ გაურკვეველ მაკრო გარემოში ოპერირება უწევს და, აქედან გამომდინარე, მენეჯმენტი მრავალ შესაძლო სცენარს ითვალისწინებს.
ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიდან წლამდე 13%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე მეტი იყო. პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვებმა კი 18%-ით მოიმატა.
გარდა ამისა, Lululemon-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია აქციების გამოსყიდვის პროგრამას $1 მილიარდით გააფართოებს.
რაც შეეხება მომავალს, Lululemon-ში მოელიან, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $3.135-$3.170 მილიარდს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.18 მილიარდი), ხოლო EPS — $4.85-$4.93-ს (პროგნოზი — $4.80-$5.19).
Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $490.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $489.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $546.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასის თითქმის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა— გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.