ციფრულ ეპოქაში კომპანიის კვლევისას ბევრი ვარიანტი გაქვთ და მისი ვებგვერდი დასაწყებად შესანიშნავი ადგილია. ეს ხშირად სასარგებლოა კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების სფეროს გასაცნობად, ასევე, სხვა ღირებული ინფორმაციის მისაღებად, როგორიც არის მენეჯმენტი და ფინანსური ანგარიშგება.
უორენ ბაფეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რისი სწავლა შეგიძლიათ მისი Berkshire Hathaway-ის ვებგვერდიდან.
Berkshire Hathaway-ის ვებგვერდი
პირველი, რასაც Berkshire Hathaway-ის ვებგვერდზე შეამჩნევთ არის ის, რომ ის ტიპური კომპანიების ვებგვერდებისგან ძალიან განსხვავდება. მისი დიზაინით ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის ათწლეულების წინ არის შექმნილი. მთავარ და არც ბევრ სხვა გვერდზე საერთოდ არ შეგხვდებათ ფოტოები. ამის ნაცვლად, ის უბრალოდ საიტის რუკას წარმოადგენს და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ბმულებს გვთავაზობს. საიტის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტენტი ბაფეტის მიერ აქციონერებისადმი მიწერილი ყოველწლიური წერილებია. ეს წერილები შეიცავს უამრავ საინვესტიციო გაკვეთილს, რომლისგანაც სწავლა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.
შეტყობინება უორენ ბაფეტისგან
აქ ბაფეტი მკითხველს ახსენებს, რომ ის საფონდო რეკომენდაციებს არ გასცემს, მაგრამ შემდეგ ის მიანიშნებს, რომ Berkshire-ის ორი ბიზნესის – GEICO და Borsheim’s – საშუალებით ინვესტორებს ფულის დაზოგვა შეუძლიათ.
ახალი ამბები Berkshire-სგან და უორენ ბაფეტისგან
სხვა კორპორატიული ვებგვერდების უმეტესობის მსგავსად, Berkshire თავის პრესრელიზებს ერთ კუთხეში ათავსებს. აქ ნახავთ კვარტალურ ფინანსურ შედეგებს, სიახლეებს შესყიდვების შესახებ და წლიური შეხვედრების განახლებებს.
წლიური და შუალედური ანგარიშები
აქ მოცემულია 1995 წლით დათარიღებული კვარტალური და წლიური ანგარიშების ბმულები. ეს ძალიან მოსახერხებელია ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ღრმად გამოიკვლიონ კომპანიის წარსული, რათა უკეთ გაიგონ, თუ როგორ მიაღწია მან ამჟამინდელ მდგომარეობას.
წლიური შეხვედრები
ბაფეტის წლიური შეხვედრები ძალიან საინტერესოა და აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაციის პოვნა სწორედ აქ შეგიძლიათ.
Berkshire Hathaway Energy
Berkshire-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესი ამ დღეებში ენერგეტიკაა (დაზღვევასთან და ტრანსპორტირებასთან ერთად) და აქ იხილავთ პრეზენტაციას ინვესტორებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები და განახლებად ენერგიაში ლიდერობა დეტალურად არის აღწერილი.
ბაფეტისა და ჩარლი მენგერის სპეციალური წერილები წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებით
მას შემდეგ, რაც აგვისტოში ბაფეტი 92 წლის გახდა, აქციონერები დაინტერესდნენ, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს და როგორი იქნება Berkshire ბაფეტის შემდეგ. ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბაფეტისა და ვიცე-თავმჯდომარის, მისი დიდი ხნის პარტნიორის – ჩარლი მენგერის წერილს, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს უკავშირდება.
Berkshire-ის შვილობილი კომპანიები
ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულები ათობით კომპანიასთან დაკავშირებით, რომლებიც მთლიანად Berkshire-ს ეკუთვნის. ესენია: Benjamin Moore, Brooks, International Dairy Queen, Johns Manville, Justin Brands, McLane, Business Wire, Clayton Homes, Forest River, Fruit of the Loom, GEICO, Nebraska Furniture Mart, NetJets, Pampered Chef, Shaw Industries და მთელი BNSF რკინიგზა.
კორპორატიული მმართველობა
ამ გვერდზე განთავსებულია ბმულები ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორის არის Berkshire-ის ინსაიდერული სავაჭრო პოლიტიკა, აკრძალული ბიზნეს პრაქტიკა, მმართველობის მითითებები და ა. შ.
მდგრადობა
ბევრი კომპანია მდგრადობის მიზნებსა და პროგრესს საკუთარ ვებგვერდზე ათავსებს. Berkshire-ზე გვხვდება ბმულები, რომლებსაც დაახლოებით 20 შვილობილი კომპანიის მდგრადობის ანგარიშებამდე მივყავართ.
ინფორმაცია ხუთ ფონდში უორენ ბაფეტის წლიური შენატანების შესახებ
ბაფეტი ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია და ვებგვერდზე ასახულია, თუ როგორ გასცემს ის საკუთარი სიმდიდრის 99%-ს ან მეტს დროთა განმავლობაში.
უორენ ბაფეტის წერილები Berkshire-ის აქციონერებს
და ბოლოს, მივედით იმასთან, რაც, შესაძლოა, ყველა მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნიოთ – უორენ ბაფეტის მიერ 45 წლის განმავლობაში აქციონერებისადმი ყოველწლიურად მიწერილი წერილები.
წერილები ძალიან ინფორმატიულია როგორც Berkshire-ის აქციონერებისთვის, ასევე ზოგადად ყველა ინვესტორისთვის, რადგან აქ ბაფეტი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის bear ბაზრები, დერივატივები და დირექტორთა საბჭოები. მაგალითად, მისი უახლესი წერილი დეტალურად აღწერს ენერგეტიკულ ბიზნესს და კონკრეტულად Berkshire Hathaway Energy-ს.
ბაფეტის წერილები ასევე სავსეა შესანიშნავი გამონათქვამებით, როგორიც არის: “ჩვენ ვფლობთ აქციებს მათი გრძელვადიანი ეფექტურობის შესახებ ჩვენს მოლოდინებზე დაყრდნობით და არა იმიტომ, რომ მათ განვიხილავთ, როგორც საშუალებებს დროული საბაზრო გადაადგილებისთვის. ეს პუნქტი გადამწყვეტია: ჩარლი [მანგერი] და მე არ ვირჩევთ აქციებს, ჩვენ ბიზნესს ვირჩევთ“ და „თუ არ გსურს აქციის ათი წლის განმავლობაში ფლობა, მისი ათი წუთით ფლობაზეც არ იფიქრო.“
Berkshire Hathaway-ის ვებგვერდზე გარკვეული დროის გატარება ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით, თუ ბაფეტის ზოგიერთი ან ყველა წერილის წაკითხვას აპირებთ. აქ მოცემული ინფორმაცია უკეთეს ინვესტორად ქცევაში დაგეხმარებათ.