რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის 1.6 მილიონი აქცია, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით $240 მილიონს შეადგენს, საქველმოქმედო მიზნით გააჩუქა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ელექტრონული კომერციის გიგანტის დამფუძნებელი უახლოეს მომავალში კიდევ 8-10 მილიონი (ჯამური ღირებულება — დაახლოებით $1 მილიარდი) აქციის გასაყიდად ემზადებოდეს.
ჯეფ ბეზოსი და Blue Origin
ჯეფ ბეზოსი არ არის მხოლოდ ადამიანი, რომელმაც Amazon.com დააარსა. იგი კოსმოსური კომპანიის — Blue Origin-ის დამფუძნებელიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ინვესტორმა ეს ჯერ არ იცის, Blue Origin ამჟამად მეორე კოსმოსური კომპანიის შეძენას ცდილობს — ეს არის Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმო, რომელიც ცნობილია, როგორც United Launch Alliance.
არავინ იცის, გაიმარჯვებს თუ არა Blue Origin აუქციონზე, მაგრამ თუ ბეზოსის კომპანიის ძალისხმევა წარმატებით დასრულდება, United Launch Alliance-ის შესყიდვის ფასი, სავარაუდოდ, $1.2-$7.2 მილიარდის დიაპაზონში იქნება. სავარაუდო საბოლოო ღირებულება დაახლოებით $5.2 მილიარდს მიაღწევს.
ასევე აღსანიშნავია, რომ Blue Origin დაფინანსების დიდ ნაწილს პირადად ბეზოსისგან იღებს. ჯეფი ყოველწლიურად Amazon-ის $1 მილიარდის ღირებულების აქციებს ყიდის, რათა ეს ფული Blue Origin-ში დააბანდოს.
ჯეფ ბეზოსი და Amazon.com
თუ ბეზოსი თვლის, რომ Blue Origin-ს შეუძლია, United Launch Alliance-ის შეძენისთვის ბრძოლაში გაიმარჯვოს, მან შეიძლება Amazon-ის მეტი აქციის გაყიდვის აუცილებლობა იგრძნოს, რათა შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადასახდელად მოემზადოს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსი ჯერ კიდევ ფლობს Amazon-ის 988 მილიონზე მეტ აქციას $144 მილიარდზე მეტი ჯამური ღირებულებით. შესაბამისად, მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ მის მიერ დაარსებულ ელექტრონული კომერციის გიგანტზეა მიბმული.
ამის გათვალისწინებით, ბეზოსმა შეიძლება Amazon-ის 1, 5 ან თუნდაც 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდოს და კომპანიაში მაინც შეინარჩუნოს უდიდესი წილი. ამიტომ ეს ტრანზაქციები იმას არ ნიშნავს, რომ იგი აღარ არის დაინტერესებული Amazon-ით.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $147.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს.