აშშ-ის ბაზრის შენელებამ McDonald’s-ის პოზიტიური გლობალური იმპულსი ვერ შეანელა. ეს იყო სწრაფი კვების გიგანტის უახლესი ანგარიშის გამორჩეული ნათელი წერტილი.
რა თქმა უნდა, მაკდონალდსი ამ პერიოდში რამდენიმე ძირითადი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის იყო ხარჯების ზრდა და ინფლაციის გამო სამომხმარებლო ხარჯებზე გაზრდილი ზეწოლა. თუმცა, მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ მაკდონალდსს შეუძლია ეს წინაღობები ინვესტორებისთვის დიდი ზარალის მიყენების გარეშე ადვილად გადალახოს.
მოდით, დეტალებს უფრო ახლოს გავეცნოთ.
გაყიდვები გაიზარდა
McDonald’s-ის გაყიდვების ტენდენციები არ დაზარალებულა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი 3%-ით შემცირდა, ეს კლება მთლიანად ვალუტის კურსის რყევამ გამოიწვია. შესადარებელ მაღაზიებში გაყიდვები (საცალო ვაჭრობის ლოკაციის მიერ გამომუშავებული შემოსავალი უახლეს სააღრიცხვო პერიოდში, იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც მან წარსულის ანალოგიურ პერიოდში გამოიმუშავა), კომპანიის ზრდის ძირითადი მაჩვენებელი, 10%-ით გაიზარდა და წინა წლის იმავე კვარტლის 12%-იან ზრდასთან შედარებით მხოლოდ მცირედი შენელება დააფიქსირა.
აშშ-ის ბაზარი იყო ყველაზე სუსტი ძირითადი რეგიონი, აქ კომპანია 4%-ზე ნაკლებით გაიზარდა. თუმცა, გაყიდვების ტენდენციები გაუმჯობესდა და სრულ პროცენტულ პუნქტზე ნაკლებით გაიზარდა. კომპანიის აღმასრულებლებმა ხაზი გაუსვეს წარმატებებს drive-thru (რესტორანი, ბანკი ან მაღაზია, რომელიც ფანჯრიდან ისე მოგემსახურებათ, რომ მანქანის დატოვება არ დაგჭირდებათ) და მობილური შეკვეთების სივრცეებში, როგორც მთავარ კონკურენტულ უპირატესობას.
მოგების მარჟა, რომელმაც ფართო ბაზარს აჯობა
მაკდონალდსის მოგების შედეგები გვიჩვენებს, თუ რატომ მიაშურა ბევრმა ინვესტორმა ამ რეცესიისადმი მდგრად კომპანიას. რესტორნის დონის მოგება ვალუტის კურსის აღრიცხვის შემდეგ 8%-ით გაიზარდა. სწრაფი კვების გიგანტის კორექტირებული საოპერაციო მარჟა გაყიდვების 44%-მდე გაიზარდა, წინა წლის 43%-თან შედარებით.
აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ინფლაცია – მათ შორის წარმოების, შრომისა და ტრანსპორტირების უფრო მაღალი ფასები – გაყიდვების ზრდამ და უფრო მაღალმა ფასებმა დააკომპენსირა. თავისუფალი ფულადი ნაკადებიც ძლიერი იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2023 წელს McDonald’s-ს დივიდენდების გაცემა არ გაუჭირდება.
პერსპექტივა
მაკდონალდსი გაყიდვების მოკლევადიან მითითებებს არ ავრცელებს, მაგრამ 2022 წლის დანარჩენი პერიოდის შესახებ მენეჯმენტის კომენტარებმა ბევრი ინვესტორის შეშფოთება უნდა შეამსუბუქოს. აღმასრულებლებმა დაადასტურეს, რომ მიუხედავად დაჩქარებული ინფლაციისა, საოპერაციო მოგების მარჟა 40%-ს გადააჭარბებს.
კომპანია ახორციელებს ინვესტიციას მოდერნიზაციის მიზნით, მათ შორის არის აშშ-ში ლოკაციების განახლება.
ბიზნესს წინ დიდი წინაღობები ელის, რა თქმა უნდა, მათ შორის არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის შენელების პერსპექტივა. რეცესია, როგორც წესი, სწრაფი კვების ინდუსტრიას ძლიერად არ აზარალებს, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში გაყიდვებისა და მოგების ტენდენციებზე უარყოფითად აისახება.
იმავდროულად, ინვესტორებმა არ უნდა იღელვონ, რომ მაკდონალდსი შესაძლოა თავის უპირატესობას კარგავს, რადგან მსოფლიო პანდემიური მდგომარეობიდან გამოდის. წელს გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება და საოპერაციო მოგების მარჟა ჯერ კიდევ საკმაოდ აჭარბებს გაყიდვების 40%-ს.
ამ ფაქტორებმა, პლუს დივიდენდების ზრდამ, სამომხმარებლო ხარჯების არასტაბილურობის მიუხედავად, ინვესტორები მაკდონალდსისადმი ოპტიმისტურად უნდა განაწყოს. აქცია უფრო მიმზიდველად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის დასაწყისიდან ფასი ოდნავ დაეცა.