მილიარდერი ინვესტორი — ჩარლი მანგერი გასული წლის 28 ნოემბერს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში, უორენ ბაფეტთან ერთად, ცნობილი ჰოლდინგური კორპორაციის — Berkshire Hathaway-ის სათავეში იდგა.
ორმა ინვესტორმა ერთად გარდაქმნა Berkshire ტექსტილის მცირე კომპანიიდან მასიურ და დივერსიფიცირებულ კონგლომერატად, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია, ჩარლის გარდაცვალების დროისთვის, დაახლოებით $780 მილიარდს აღწევდა.
„Berkshire Hathaway ვერ მოვიდოდა დღევანდელ მდგომარეობამდე ჩარლის შთაგონების, სიბრძნისა და წვლილის გარეშე“, — განაცხადა ბაფეტმა.
მანგერი ხშირად უზიარებდა მიმდევრებისა და გულშემატკივრების დიდ ჯგუფს საინვესტიციო რჩევებს. დღევანდელ სტატიაში კი მისი ცხოვრებიდან განვიხილავთ სამ საინვესტიციო გაკვეთილს, რომელიც ნებისმიერი სახის ინვესტორს გამოადგება.
„დიდი ფული არა ყიდვა-გაყიდვაში, არამედ ლოდინშია“
მანგერი და ბაფეტი მოქმედებდნენ რწმენით, რომ რეალური პოტენციალის მქონე საინვესტიციო შესაძლებლობები მცირეა და, ამასთან, მათგან სარგებლის მისაღებად ლოდინი ღირს.
საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტის თვალსაზრისით ეს იმას ნიშნავს, რომ მანგერი ყოველდღიური ყიდვა-გაყიდვით არ იყო დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების დროისთვის ჩარლის პირადი საინვესტიციო პორტფელი სულ რაღაც სამ განსხვავებულ აქციას აერთიანებდა: Berkshire Hathaway, Costco და Daily Journal Corp.
შესანიშნავი შესაძლებლობები იშვიათად მოდის
ჩარლი მანგერი, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ითვალისწინებდა ფაქტს, რომ „ცხოვრება შეუზღუდავი შესაძლებლობებით არ გვავსებს“. შესაბამისად, მისი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი საშუალო ან ცუდი საინვესტიციო იდეის აღმოფხვრა და ფოკუსირება მხოლოდ მათზე, რომლებიც მკაცრ შემოწმებას გაივლიდა.
ინვესტირებისას ჩარლი მანგერის მიდგომის ათვისება გულისხმობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც შესანიშნავი შესაძლებლობა ჩნდება.
კარგი კომპანიები ეთიკურობით გამოირჩევა
ეს ჩარლი მანგერის ერთ-ერთი საყვარელი აქსიომა იყო. ინვესტორი მიიჩნევდა, რომ ბიზნეს მოდელი, რომელიც თაღლითობას ეყრდნობა, მარცხისთვის არის განწირული.
მანგერი და ბაფეტი სამიზნე კომპანიების ბიზნეს ოპერაციებს დეტალურად აანალიზებდნენ — ისინი ეძებდნენ ფირმებს, რომლებსაც ზრდის შესანიშნავ პოტენციალთან ერთად, ეთიკური ბიზნეს მოდელები გააჩნდათ.