თებერვალში აშშ-ში ბუნებრივი აირისა და საცხოვრებლების ფასების მატებამ ინფლაციის დონე იმაზე მეტად გაზარდა, ვიდრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ. უკვე ზედიზედ მეორე თვეა, რაც ეს მაჩვენებელი მოლოდინებს აღემატება.
გუშინ შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსით (CPI) გაზომილი ცხოვრების ღირებულება თებერვალში წლიურად 3.2%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ამ მაჩვენებელმა იანვარში 3.1% წლიური მატება დააფიქსირა. თებერვალში დაფიქსირებული შედეგი განპირობებული იყო თვის განმავლობაში ბუნებრივი აირისა და საცხოვრებლების ფასების ზრდით.
Dow Jones Newswires-ისა და Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები პროგნოზირებდნენ, რომ CPI-ის წლიური ზრდა 3.1%-ს შეადგენდა.
გუშინდელ ანგარიშამდე ბევრ ეკონომისტს სჯეროდა, რომ იანვარში დაფიქსირებული სამომხმარებლო ფასების ზრდა, სტატისტიკური შეცდომა იყო და ნაკლებად მიანიშნებდა იმაზე, რომ ინფლაცია კვლავ იზრდება. თუმცა მატების ტენდენცია მოსალოდნელზე ჯიუტი აღმოჩნდა.
ინფლაციის მაჩვენებლებს ყურადღებით აკვირდებიან ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ოფიციალური პირები. ისინი, საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების შემცირებამდე, ეძებენ დამატებით მტკიცებულებებს იმისა, რომ ფასების ზეწოლა კონტროლის ქვეშ არის. Fed საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმუმზე ინარჩუნებს, რათა ხელი შეუშალოს მოსახლეობის დანახარჯების ზრდას და დათრგუნოს მაღალი ინფლაცია მთელ ეკონომიკაში მიწოდებისა და მოთხოვნის გადაბალანსებით.
შეგახსენებთ, რომ მაღალი განაკვეთები ანელებს ეკონომიკას და ამცირებს ინფლაციას სესხების აღების და ხარჯვის შეზღუდვით, მაგრამ ამ დროს თავს იჩენს რეცესიის გამოწვევის რისკი.
Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ძირითად“ ინფლაციას, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს. ეს მაჩვენებელი თებერვალში 3.8%-იან წლიურ დონემდე შემცირდა (იანვარში — 3.9%). ეს ყველაზე დაბალი ნიშნული იყო 2021 წლის მაისის შემდეგ, თუმცა ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ თებერვალში „ძირითადი“ ინფლაცია 3.7%-ს მიაღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის „ძირითადი“ საზომები არ ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო ბიუჯეტების ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ხარჯს, Fed ყურადღებით აკვირდება მათ, რადგან ისინი უკეთესად წარმოაჩენს მომავალში ფასების მოძრაობის ტრაექტორიას.
თებერვალში მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირების მიუხედავად, ბაზრის მონაწილეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მათი აზრით, არსებობს 69%-იანი შანსი, რომ Fed მიმდინარე წლის შუა პერიოდში, კონკრეტულად ივნისში, საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.