S&P 500 ინდექსის კლებამ 2022 წელს მისი დივიდენდური სარგებელი 1.6%-მდე გაზარდა. კარგი ამბავი დივიდენდურ შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის არის ის, რომ ჯერ კიდევ არსებობს უამრავი ვარიანტი, რომელსაც უსაფრთხო და და მზარდი შემოსავლისთვის უნდა მიმართოთ. ამ სტატიაში მოცემულია 3 დივიდენდური აქცია, რომელთა სარგებელი 6.3%-7.9% დიაპაზონში მერყეობს.
- British American Tobacco
British American Tobacco-ს $91 მილიარდის ოდენობით საბაზრო კაპიტალიზაცია მას Philip Morris International-ის შემდეგ პლანეტაზე მეორე უმსხვილეს თამბაქოს კომპანიად აქცევს. ბრიტანულ მრავალეროვნულ კომპანიას მსოფლიოს 175-ზე მეტ ბაზარზე ყოველდღიურად მომხმარებლებთან 150 მილიონზე მეტი ინტერაქცია აქვს.
British American Tobacco-ს წარმატება დიდწილად განპირობებულია ცნობილი ბრენდების მრავალფეროვნებით, რომელსაც ის მომხმარებლებს სთავაზობს. კომპანიის საკულტო სიგარეტის ბრენდები, როგორიცაა Camel, Newport და Dunhill, მისი ბიზნესის ბირთვს წარმოადგენს.
მაგრამ British American Tobacco-ს ბიზნესის მომავალი დამოკიდებულია მის ახალი კატეგორიის ბრენდებზე, რომლებიც მოიცავს Vuse-სა და Velo-ს. ორივე მათგანმა განაპირობა ის, რომ კომპანიის არაწვადი პროდუქტების მომხმარებელთა ბაზამ 20 მილიონს გადააჭარბა. მენეჯმენტი თვლის, რომ რაც უფრო მეტი მომხმარებელი გადადის სიგარეტის ალტერნატივებზე, რომლებიც ნაკლებად საზიანოა, British American Tobacco-ს შეუძლია ეს რიცხვი 2030 წლისთვის 50 მილიონამდე გაზარდოს.
იმავდროულად, კომპანიამ $2 მილიარდზე მეტი ღირებულების აქცია გამოისყიდა. აქციონერები უკვე სარგებლობენ გულუხვი 7%-იანი დივიდენდური სარგებლით. ფორვარდული დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი (გვიჩვენებს, თუ კომპანია, გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი მოგების რა ნაწილს უხდის აქციონერებს) კი 60%-ს შეადგენს.
მთლიანობაში, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წლიური შემოსავლის 11%-იან ზრდას მიაღწევს. ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის კი სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ აქციის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი მხოლოდ 9.2-ს შეადგენს. ამ ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი კი 12.6-ს უტოლდება.
- Energy Transfer
ენერგია A პუნქტიდან B პუნქტამდე უბრალოდ ჯადოსნურად არ მოძრაობს. საწვავის მიღმა, რომელსაც მანქანისთვის იყენებთ, ან ბუნებრივი აირის მიღმა, რომლითაც სახლს ათბობთ, არის მილსადენი და საცავი ინფრასტრუქტურა, რამაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. Energy Transfer-ის ენერგეტიკული აქტივების ვრცელი პორტფელი აშშ-ის მასშტაბით, შეერთებული შტატების ნავთობისა და ბუნებრივი აირის თითქმის მესამედზეა პასუხისმგებელი.
მწვანე ენერგია უახლოეს ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. თუმცა, ბუნებრივი აირი (კომპანიის უპირატესი ბიზნესი), სავარაუდოდ, გლობალური ეკონომიკის ერთობლიობაში და მისი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მომავალი ათწლეულების განმავლობაში დარჩება. სწორედ ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ გლობალური ბუნებრივი აირის მოთხოვნა დღეიდან 2040 წლამდე გაიზრდება.
ინდუსტრიის ძლიერი საფუძვლების გარდა, თავად კომპანიაც კარგად გამოიყურება. მისი შემოსავლის განაწილების სარგებელი, რომელიც 7.9%-ს შეადგენს, 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში გასანაწილებელი ფულადი ნაკადით (DCF) სამჯერ დაიფარა. ამ ფრონტზე წინ უფრო მეტი ზრდა უნდა იყოს, რადგან Energy Transfer მუშაობს იმ საკითხზე, რომ წლიური განაწილება ერთეულზე კოვიდ-19-მდე არსებულ ნიშნულზე – $1.22-ზე დააბრუნოს. კომპანიის აქციები კი 5.2-ის ტოლი P/DCF თანაფარდობით, ძალიან იაფად გამოიყურება.
- Verizon Communications
თითქმის 115 მილიონი უკაბელო საცალო კავშირით, Verizon Communications ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში ერთ-ერთი გიგანტია. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკულ საზოგადოებაში სმარტფონები ძლიერად დაინერგა. მფლობელობის კოეფიციენტი 2011 წელს 35%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი – 85%-ს. იქიდან გამომდინარე, რომ სმარტფონების გამოყენება ყოველწლიურად იზრდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებში მაღალი არ იყოს.
Verizon-ის დომინანტური პოზიცია აშშ-ის ბაზარზე, სმარტფონების მფლობელების რაოდენობის მზარდ მაჩვენებელთან ერთად, კომპანიის მომავლისთვის შესანიშნავი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები თვლიან, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი ყოველწლიურად 3.4%-ით გაიზრდება.
2022 წელს Verizon-ის დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი, სავარაუდოდ, 50%-ს მიაღწევს, რაც დივიდენდების დაბალი ერთნიშნა წლიური ზრდისთვის სივრცეს ტოვებს. 6.3%-ის ტოლ დივიდენდურ სარგებელთან ერთად, ალბათ, ეს საკმარისი ზრდაა იმისთვის, რომ შემოსავალზე ორიენტირებულ ინვესტორებს ამ კომპანიის აქცია მოეწონოთ.
იმ შემთხვევაში თუ ეს საკმარისი პირობა არ არის, კომპანიის ფორვარდული P/E, რომელიც 8.1-ს შეადგენს, მდგომარეობას ნამდვილად აუმჯობესებს. ეს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე – 7.5-ზე მეტია, რაც Verizon-ის ხარისხის კომპანიისთვის გონივრული შეფასებაა.